ქალაქის განაშენიანებული ტერიტორიებს გარეთ მშენებლობის ნებართვების გაცემა უნდა გამკაცრდეს, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როცა თავისუფალ ტერიტორიაზე ნებართვის აღების ნაკლები საშუალება იქნება – აუცილებლად, კერძო პირები ავარიული ტერიტორიების რეაბილიტაციით დაინტერესდებიან.
“ქალაქის გენგეგმაში ჩადებულია ისეთი რამ, რაც წესით მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს არის ის, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვნად ჩაგვერთო ავარიული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციის პროცესში. როდესაც ჩვენ გარკვეული საზღვარი დავაწესეთ განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის – სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზანი იმისთვის, რომ ქალაქს თავისი წესები ეკარნახა კერძო დეველოპერებისთვის – რომ ისინი რაციონალური და ოპტიმალური მშენებლობისკენ მიგვემართა. წავკისი, შინდისი და მსგავსი ტერიტორიები, რომელზედაც ვამბობდით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა გაიცეს ნებართვები, ამის მიზანი სწორედ ის იყო, რომ კერძო დეველოპერების ძალისხმევა ჩუღურეთის და ნაძალადევის რეაბილიტაციისკენ მიგვემართა”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან კარგია, მაგრამ შესაძლოა თვითმმართველობას გაუჭირდეს ძალისმიერი ქმედებების განხორციელება, თუმცა არსებობს სასამართლო, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს რამდენად მიზანშეწონია კონკრეტული შენობიდან მოსახლეების გამოსახლება.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
