ფოთის ნავსადგურის გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია – Transcor.ge

სახელმწიფოსა და APM Terminals ს შორის 2018 წელს დაწყებული დავა, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების და ჩრდილოეთით განვითარებასთან დაკავშირებით, დღესაც გრძელდება, არადა მთავრობასა და ინვესტორს – APM ს შორის ხელშეკრულება 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 2026 წელს – ს ახალ ნავსადგურში – პირველი გემი უნდა შემოსულიყო. თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.
ფოთის ნავსადგურის განვითარების აუცილებლობა, ბოლო წლებში, შუა დერეფნის გააქტიურებითაა განპირობებული, თუ გავაანალიზებთ ნავსადგურის მიერ საკონტეინერო ტვირთბრუნვას (იხ. დიაგრამა), ნავსადგურს წელიწადში 600 ათასი TEU ს გადამუშავება შეუძლია, თვალშისაცემია, რომ 2014 – 2022 წწ (2019 წლის გამოკლებით) ნავსადგური საშუალოთ 300 – 400 ათას TEU ს ამუშავებდა, ფაქტიურად 50 – 65% ით იყო დატვირთული.
2023 – 2024 წლებში საკონტეინერო ნაკადის ზრდამ, ნავსადგურის გამტარუნარიანობის ათვისება 90% ს გადააჭარბა და მაქსიმალურ ზღვარს მიუახლოვდა. აღნიშნულმა გარემოებამ წინმსწრებად დააყენა ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეების გაფართოების აუცილებლობა.
APM Terminals ს ფოთი, ჰააგაში განთავსებული Maersk ის ჯგუფში შემავალი კომპანიაა. რომელიც 35 ქვეყანაში ახორციელებს 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის და ტერმინალის მართვას.
გაფართოების პროექტი ნავსადგურის ჩრდილოეთ ნაწილში ეტაპობრივად 200 მლნ დოლარის ინვესტიიცის განთავსებას ითვალისწინებს.
სახმელეთო ნაწილზე ინფრასტრუქტურის გადაიარაღების შედეგად, ნავმისადგომი აღიჭურვება Ship – to – Shore საკონტეინერო ამწეებით (იხ სურათი), რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის კონტეინერების დაცლა – დატვირთვის ოპერაციების პროდუქტიულობას. ერთობლიობაში ჯამური გამტარუნარიანობა 1 მლნ TEU ს გადააჭარბებს.
გაფართოება მოიცავს საკონტეინერო ტერიტორიის – საწყის ეტაპზე 7 ჰ მდე, პერსპექტივაში 25 ჰ მდე განვითარებას. ასევე 400 მ ნავმისადგომის და 1.8 კმ სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას. ასევე შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის და შავ ზღვაში შესვლის შესაძლებლობის მქონე – 250 მ სიგრძის გემები.
რეალურად სახელმწიფოსა და APM ს შორის დავა 2018 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც კომპანიამ 350 ათასი მ2 მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ სახელმწიფოსგან უარი მიიღო.
2019 წელს სახელმწიფომ, APM ს მიწის სამშენებლოდ გამოყენებისათვის ნებართვა გასცა, მაგრამ მოგვიანებით, ხარვეზის აღმოჩენის საბაბით ნებართვა გააუქმა. სახელმწიფოს მხრიდან გაცემული ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილებამ – გაურკვევლობა გამოიწვია.
მოგვიანებით, ვიდრე ფიზიკურად ნავსადგურის მშენებლობა დაიწყებოდა – APM ი ნავსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ეტაპების გავლას შეუდგა. პირველი – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას, მეორე – პროექტის შეთანხმებას და მესამე – უშუალოდ მშენებლობის ნებართვის მიღებას.
2020 წელს APM მა სახელმწიფოს მიმართა და მიიღო ნებართვა. სახელმწიფომ ხელშეკრულების მოსამზადებლად 1.2 მლნ ლარი გამოყო და იურისტები დაიქირავა. სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ქმედება გვაფიქრებინებს, იმ პერიოდში პროექტის განხორცილებაში სახელმწიფოს მზადყოფნას და დაინტერესებას.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 2022 წლიდან, პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის იწყება გაურკვევლობების კასკადი.
2022 წელს სახელმწიფო აცხადებს, რომ ფოთის ნავსადგურის ოპერატორ კომპანია APM თან ახალი ტერმინალის მშენებლობის პირობების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ჯერი ინვესტორზეა, რათა მან ნავსადგურის გაფართოების პროექტის განორციელება დაიწყოს.
უფრო მეტიც, სახელმწიფო მკაფიოდ აცხადებდა, რომ APM თან ყველა პირობა შეთანხმებულია, ამასთან ყველა დეტალი ფოთის ნავსადგურის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და კომპანიას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გააჩნია. ამასთან მხოლოდ ინვესტორის გადასაწყვეტია თუ რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
2022 წლის ბოლოსთვის ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი რომელსაც APM მი 2018 წელს ითხოვდა, კვლავ სახელმწიფოს ხელშია და მიუხედავათ იმისა, რომ სახელმწიფო ცალსახად აფიქსირებდა ხელშემშლელი პირობების არ არსებობას, გაირკვა რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
მოგვიანებით სახელმწიფომ განაცხადა, რომ ხელშემშლელი პირობები არ არსებობს, რადგანაც, 2022 წელს შეთანხმდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, და დარჩენილია APM მის მხრიდან ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, კერძოდ ფოთის ნავსადგურის გაფართოების მშენებლობის ინიცირება.
2023 წლიდან სახელმწიფოს პოზიცია მოდიფიცირებულია, კერძოდ, სახელმწიფოს წინადადებაა, რომ მიწა არ წარმოადგენს განხილვის საგანს და მიწის გადაცემა განხილული იქნება, მხოლოდ ხელშეკრულების ნაწილად, რომელსაც ნავსადგურის მშებლობასთან დაკავშირებით მთავრობასთან გააფორმებს APM ი. უფრო მეტიც, მთავრობამ აქცენტი კომპანიის მხარეს გადაიტანა და აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტი გადაგზავნილია კომპანიასთან და მათი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
2024 წლის დასაწყისში მთავრობა APM თან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და მისაღები პირობების შეუთანხმებლობაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ მთავრობის განმარტებით – APM ი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს, რაც ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პარალელურად, სახელმწიფოსთვის “დიდი ტვირთს” წარმოადგენს.
დამაბნეველი აღმოჩნდა კომპანიისათვის სახელმწიფოს განცხადება, იმის თაობაზე, რომ მთავარი არა ინვესტიციების განხორციელებაა არამედ, პირობები სახელმწიფოსათვის მისაღები უნდა იყოს. კონკრეტულად თუ რა მოიაზრებოდა ამ პირობების ქვეშ გაურკვეველია.
APM ის პოზიცია, თავიდანვე ცალსახად იყო გაცხადებული კერძოდ, მზადყოფნას გამოთქვამდა განეხორციელებინა მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიცია, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და გასცემს თანხმობას APM თან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
APM ის დამატებითი განმარტებით – კომპანიამ მთავრობას წერილობით წარუდგინა გარანტიები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესი დროშია გაჭიანურებული.
ამასთან კომპანიას შესაძლოა შემდგომში პრობლემები შეექმნას კონტრაქტორ MAERSK თან დაკავშირებითაც, რადგან ნავსადგურის გაფართოებაზე მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკებები მესამე წელია მიმდინარეობს.
2025 წლის მდგომარეობით – APM ს, ძირითად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული აქვს და მთავრობის რეაგირებას ელოდება.
დასკვნის სახით – ფოთის ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის “დაუსრულებელი” მიმოწერა ცხადყოფს, რომ საკითხის დარეგულილირება სახელმწიფოს ხელშია და მოითხოვს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას.
წყარო: transcor.ge