ფინანსური კრიზისი ქართულ ფეხბურთში და უხელფასოდ დარჩენილი ფეხბურთელები

რა შედეგი მოჰყვა ქართულ ფეხბურთში „ჩასხმულ“ ასეულობით მილიონს

ქართულ ფეხბურთში ფინანსური კრიზისი ღრმავდება. როგორც აღმოჩნდა დინამოს შემდეგ კუთვნილი ხელფასის მიღების პრობლემა ქობულეთის შუქურას ფეხბურთელებსაც უდგას. გუნდს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს სავარჯიშო პროცესი. ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს და გუნდის მენეჯმენტს, კუთვნილი ანაზღაურებების მისაღებად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უჩივლეს. შუქურას განცხადებას ინსტაგრამ გვერდი 90min__geo ავრცელებს.

„გატყობინებთ, რომ გუნდში შექმნილი პრობლემების გამო გუნდს შეწყვეტილი აქვს სავარჯიშო პროცესი. გუნდს აქვს დავალიანება აგვისტოს ხელფასის ნახევარი, სექტემბრის ხელფასის ნახევარი და ოქტომბრის ხელფასი. ფეხბურთელებს არ გვაქვს არანაირი რესურსი, რომ გავიდეთ ვარჯიშებზე და შესაბამისად თამაშებზე. კლუბი არ გვიქმნის არანაირ სავარჯიშო და სათამაშო პირობებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბში, „თბილისის დინამოში“, ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს უკვე 3 თვის ხელფასი არ მიუღიათ და ისინიც განიხილავდნენ პროტესტის ნიშნად თამაშზე გამოუცხადებლობას. დინამო თბილისში“ ფეხბურთელებისადმი დავალიანებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მას „უახლოეს პერიოდში“ გაისტუმრებენ.
ფეხბურთელები კლუბის მენეჯმენტის მიმართ არსებული პრეტენზიებით ფეხბურთის ფედერაციას მიმართავენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფინანსური პრობლემების ჯაჭვში თავად ფედერაციაც არის ჩართული. იგივე 90min__geo წერს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე გამომუშავებული თანხები, რომელიც უეფამ ქართული კლუბებს ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით გადმოურიცხა, კლუბებამდე არ მისულა.
„90 წუთის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ ზაფხულს, ევროტურნირებზე, გორის დილამ რომ გაგვახარა, აი, სწორედ ის გამომუშავებული თანხა, UEFA-მ ფედერაციას დაახლოებით 4 თვის წინ ჩაურიცხა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას როგორც გორის დილასთვის, ისე დინამოებისა და ტორპედოსთვის, თანხა ამ დრომდე ჩარიცხული არ აქვს. შესაბამისად, გუნდები კვლავ მოლოდინში არიან“- აცხადებს 90min__geo.
გასული წლების განმავლობაში სახელფასო პრობლემები იყო „ტორპედოში“, „გაგრაში“ და სხვა არაერთ კლუბში.
ყველაზე დიდი ფული ქართულ ფეხბურთში 2016-2020 წლებში ჩაისხა. საქართველოში ფეხბურთის განვითარების, სტიმულირებისა და დაფინანსების სისტემატიზაციის მიზნით, 2016 წელს მთავრობამ ფეხბურთში ისედაც დასახარჯი თანხების ცენტრალიზაცია გადაწყვიტა და დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთზე ასობით მილიონი უნდა დახარჯულიყო.
198-მილიონიანი პროგრამის ხარჯების სტრუქტურული განაწილება ასეთი იყო – პროგრამის მიზნობრივი მაჩვენებელი – საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ) სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ყოველწლიურად 80 საფეხბურთო კლუბისა და სამოყვარულო ლიგის სტაბილური დაფინანსება; საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების 130-მდე ბენეფიციარი; 30 მასობრივი ღონისძიება. რაც შეეხება შემდეგ წლებს 2022 და 2023 წლების ბიუჯეტში ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის 37-37 მილიონი იყო გათვალისწინებული. გამოდის რომ 2016 წლიდან დღემდე ამ ფონდისთვის 272 მილიონი ლარი დაიხარჯა.
რამდენად შესრულდა პროგრამა და რა შედეგი გამოიღო ასეულობით მილიონის ხარჯმა. ამაზე ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია. კითხვებს უპასუხოდ ტოვებს ორგზის პარლამენტარი და სამგზის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. რომელიც როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელზეც საკმაოდ ხმაურიანი ს შემდეგ აღმოჩნდა. 2015 წლის ოქტომბერში, საკმაოდ ხმაურიან არჩევნებში მაშინ მისი მეტოქე რევაზ არველაძე იყო. 2019 წლის თებერვალში კობიაშვილს ამ პოსტზე მეტოქეც აღარ ჰყავდა და 29-ე საარჩევნო ყრილობაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა არჩეული. იგივე მოხდა მესამე ჯერზეც.