2023 წლის განმავლობაში სტატუსი სხვადასხვა მიზეზის გამო, 36 295 სტუდენტმა შეიჩერა, ფინანსური დავალიანება კი 30 000-ს ჩამოეწერა. ინფორმაცია განათლების სამინისტროს მიერ დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
სამინისტროს განმარტებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს: სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა); ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
ნოემბრის ბოლოს არსებული მონაცემებით, ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000-მდე სტუდენტს.
„საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის No378 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესის” მე-2 მუხლის საფუძველზე ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000 – მდე სტუდენტს.
2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4 000-მდე სტუდენტმა. აქვე აღსანიშნავია, რომ სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა,“- ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებოდათ.
