ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადი 16 ნოემბრამდე უნდა დაფარონ

წლის ბოლო ახლოვდება და ფიზიკურ პირებს ქონების დეკლარირებისთვის ვადა ეწურებათ. ქონების დეკლარირება მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო დაკისრებული თანხის გადახდის ბოლო ვადა 15 ნოემბერია.
ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება (მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ფარეხი), ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს.
ფიზიკურ პირს დეკლარაციის წარდგენა შემოსავლების სამსახურის გვერდის მეშვეობით შეუძლია. მიწის არსებობის შემთხვევაში პირმა მისი ფართობი და მისამართი უნდა მიუთითოს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის შემთხვევაში ფართობის ჰექტარის მითითებაა საჭირო. არასასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში კი კვადრატული მეტრობით.
საგადასახადო სამართლის სპეციალისტი და ფინანსთა მინისტრის მრჩეველი ზურაბ ძნელაშვილი, გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად რეგისტრაციის გავლის დეტალებს განმარტავს.
,,ფიზიკური პირის შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით. მიწის შემთხვევაში იწერება მხოლოდ ფართობი და მისამართი. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მიწა ჰექტრობის მიხედვით იბეგრება, არასასოფლო-სამეურნეო მიწა კვადრატული მეტრობის მიხედვით. უნდა მიუთითოთ მისამართი, სად მდებარეობს ტერიტორიულად. მიწაზე თუ დგას სახლი, ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე დეკლარირდება და ცალ-ცალკე იბეგრება. რაც შეეხება მიწის გარდა ქონებას, მათ შორის ავტომობილსა და მცურავ-მფრინავ საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში დეკლარაციაში იწერება მისი საბაზრო ფასი. აქედან განისაზღვრება მერე უკვე ქონების გადასახადი. გადასახადის გამოანგარიშებას თვითონ საგადასახადო ორგანო აკეთებს. საბაზრო ფასს რაც შეეხება, ამას არ სჭირდება ექსპერტიზის ჩატარება. შენ უნდა შეაფასო შენი ქონების ღირებულება. ყველაზე კარგად თვითონ იცის ადამიანმა, რა ღირს მისი სახლი ან მანქანა. დღეს რომ მოგინდეს გაყიდვა ქონების რა ფასად დაყიდიდი, აი ეს უნდა ჩაწერო.’’- აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.