ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობების ფასის ზრდამ უმსხვილეს ქართულ მწარმოებელ კომპანია „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას“ წარმოების განახლების შესაძლებლობა მისცა.
დარგში არსებულ მდგომარეობაზე „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ნუგზარ კევლიშვილის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფასი ზრდას განაგრძობს, ქვეყანაში არსებული სხვა წარმოებებიც ამოქმედდებიან. მისი ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში 20 ქარხანა აწარმოებს ფეროშენადნობებს, რომელთაგან მხოლოდ 4 მუშაობს, უმსხვილესი კი „ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაა“.
„მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასების მცირე ზრდა შეინიშნება, რასაც საქართველოში გაზაფხულზე ელექტროენერგიის მცირედ შემცირებაც დაემატა. ამან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ამოქმედება განაპირობა, რაც გამოიწვევს იმას, რომ სტატისტიკა გაუმჯობესდება – ექსპორტი გაიზრდება და რაც მთავარია, ზესტაფონის ქარხანაში არსებული სამუშაო ადგილები შენარჩუნდა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა მარტში განაახლა და მარტის ბოლოდან დაიწყებოდა ექსპორტი. ფასებიც დაახლოებით 50 დოლარითაა მომატებული. ამას ემატება ელექტროენერგიაზე დაბალი ფასი, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ სხვა კომპანიებმაც გარისკონ და დაიწყონ ოპერირება“, – განმარტა ნუგზარ კევლიშვილმა და დაამატა, რომ დღეისთვის ფეროშენადნობების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 1 მეტრულ ტონაზე 1200-1300 დოლარია.
„თუ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება, მუშაობას სხვა საწარმოებიც განაახლებენ, რაც თვითონ კომპანიებსაც გადაარჩენს, რომელიც ამ პერიოდში მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.
ფეროშენადნობების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ევროპა, თურქეთი, სადაც მცირე გამოცოცხლება იგრძნობა და მეტალის წარმოება გაიზარდა, რამაც ამ მიმართულებით დამკვიდრების საშუალება მოგვცა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ამერიკის მეტალის ბაზარი წახალისდება, მეტალურგია 100%-ის ალბათობით უნდა გაიზარდოს, რაც ქართული ფეროშენადნობების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განმარტა მან.
ფეროშენადნობების სექტორში მოლოდინები გაუმჯობესდა. ბაზრის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის სახით რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა. გლობალურად ფასების ზრდის ტენდენციაა, რაც დარგობრივი ასოციაციის შეფასებით, ფოლადზე მოთხოვნას გაზრდის, კომპანიებს შეჩერებული მუშაობის აღდგენისკენ უბიძგებს და ექსპორტიც გაიზრდება. იანვარ-თებერვლის სტატისტიკა მხოლოდ კლებას აჩვენებს, პირველი კვარტალის შედეგები კი 22 აპრილს გახდება ცნობილი. ფეროშენადნობების ექსპორტი ღირებულება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 2,5-ჯერ შემცირდა, მოცულობით კი 25 ათასი ტონით შემცირდა და მხოლოდ 17 ათასი ტონა შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში კი ამ სექტორმა ექსპორტიდან მხოლოდ 16,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
