ფედერალური მოსამართლის ბრძანებით, ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს შეაჩეროს თავისი გეგმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სულ მცირე 2200 თანამშრომლის გაშვების შესახებ. სასამართლომ მოითხოვა ისიც, რომ სააგენტომ დროებით 15 თებერვლამდე აღადგინოს 500 სხვა თანამშრომელიც, რომელიც უკვე გათავისუფლებულია.
ბრძანება გამოვიდა ზუსტად იმ დროს, როდესაც სააგენტოს ათასობით თანამშრომლის გაშვება უწევდა განუსაზღვრელი დროით ან სულაც დათხოვნა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. მათი ინფორმაციით, იგეგმებოდა, რომ სააგენტოში 300-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, USAID-ის არცერთი თანამშრომელი არ უნდა იქნას გამოყვანილი მასპინძელი ქვეყნებიდან 15 თებერვლის დადგომამდე. მან მოითხოვა ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომ სააგენტოს თანამშრომლებს აღუდგეთ სული წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, გადახდებზე, უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციაზე, მინიმუმ 15 თებერვლის დადგომამდე.
ბრძანება, რომელიც შვიდგვერდიანია, ხაზს უსვამს, რომ USAID-ის თანამშრომლებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ, ტრამპის თავდაპირველი გეგმის შესრულების პირობებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად, რომელ ქვეყანაში და რა თემებზე მუშაობს ბევრი მათგანი.
„USAID-ის მრავალი თანამშრომელი მაღალი რისკის შემცველ გარემოში მუშაობს, სადაც არსებითია, რომ მათ უსაფრთხოების წყაროებთან წვდომა ჰქონდეთ. ვერცერთი სამომავლო ზომა ვეღარ გამოასწორებს ზიანს, რაც შეიძლება მათ მიადგეთ ახლა“, — წერს ფედერალური მოსამართლე.
წაიკითხეთ ასევე:
USAID აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება – მედია
