უჩა ქემაშვილს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

საპროტესტო აქციების მონაწილე უჩა ქემაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მოსამართლე დავით თეთრაულმა 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ქემაშვილის დის ინფორმაციით, მისი ძმა საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, მიზეზად კი, მისივე თქმით, სავარაუდოდ, ვიდეო გახდა, რომელშიც ის ქართული ოცნების დროშას წვავს.
“თურმე რის გამო დაუკავებიათ.. რუსთაველიდან ვარკეთილამდე გამოყვნენ.სავარაუდოდ, მეტროთი წამოვიდოდა ჩემი ძმა, რადგან აქ ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მეტროში აედევნენ და იცოდნენ, სად მოდიოდა.. 35 ადამიანი 1 კაცის დასაჭერად გამოუშვეს ხალხო.
მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი და მერე ჩავედი დაბლა. გვიან მივხვდი რა ხდებოდა. არადა ჩემი ძმა არ არის ჩხუბის თავი. მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში”, – დაწერა დაკავების დროს ნინი ქემაშვილმა.
ქემაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.