უსახლკაროთა და ცუდ საბინაო პირობებში მცხოვრებთა რიცხვი ბელგიაში 25%-ით გაიზარდა

ასეთი სურათი გამოიკვეთა გასული წლის ნოემბერში ბელგიის დედაქალაქში ჩატარებული აღწერის შედეგად, რომელიც გადაუდებელი დახმარების რეგიონულმა სააგენტო „Bruss’Help“-მა ჩაატარა.
დღეს ბრიუსელში 9 777 ადამიანს არ აქვს საცხოვრებელი ან ცუდ საბინაო პირობებში იმყოფება ანუ – ცხოვრობს თავშესაფრებში, უნებართვოდ ბინადრობს რომელიმე შენობაში ან ნაცნობებთან. ეს მაჩვენებელი 25 პროცენტით მეტია, 2022 წელთან შედარებით. მათგან 1 000 პირი ქუჩაში ბინადრობს. სად? ხშირად ქალაქ ბრიუსელის ცენტრში და არა მხოლოდ იქ…
„უსახლკაროთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ქალაქის ცენტრის გარდა, ასევე დავაფიქსირეთ ბრიუსელის ჩრდილოეთ კვარტალში, ცენკუნტენერისა და ფლაჟეის მახლობლად, მიდისთან და არხის გასწვრივ, ანდერლეხტში… ამ ფენომენისგან არცერთი მუნიციპალიტეტი არ არის დაცული. მე ვიტყოდი, რომ ის ყველგან გვხვდება“, – ამბობს „Bruss’Help“-ის მიერ ჩატარებულ აღწერაზე პასუხისმგებელი პირი, ადელ პიერი.
2024 წლის ნოემბრის აღრიცხვა ადასტურებს, რომ უსახლკაროთა სოციალური სურათი არაერთგვაროვანია: მასში შედიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც ოჯახი დატოვეს; ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები; მავნე ჩვევებზე დამოკიდებული პირები…. ბრიუსელში უსახლკაროთა რაოდენობის ზრდა აიხსნება სიღარიბის ზრდით და საიჯარო ქირის გაძვირებით, რომელიც ზოგიერთი დამქირავებელისთვის უკვე მიუწვდომელი გახდა. „Bruss’Help“-ის დასკვნით, ის ფაქტი, რომ „Fedasil“-ის თავშესაფრებში მარტოხელა მამაკაცების მიღებას გაურბიან, ასევე გავლენას ახდენს აღრიცხული უსახლკაროების რაოდენობის ზრდაზე.
მათ შორის, ვინც ბრიუსელის ქუჩებში ცხოვრობს, არანაკლებ 9 პროცენტი ქალია, 2 პროცენტი კი – არასრულწლოვანი.
წყარო: 1არხი