რესტორანი “სოფიკო” ტურისტულ მოლოდინებზე გათვლას წყვეტს და სრულად ადგილობრივ მომხმარებელზე კონცენტრირდება, – ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა, ირაკლი კახიძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისი თქმით, 2025 წელი სარესტორნო სექტორისთვის და მათ შორის, მათი რესტორნისთვის მძიმედ დაიწყო, რაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით იყო განპირობებული. რესტორანი დროებით დაიხურა კიდეც.
„გადავწყვიტეთ, რომ რესტორანი დროებით შეგვეჩერებინა, სხვა მიმართულებებისთვის დაგვეთმო დრო და ახალ რეალობასთან ვადაპტირებულიყავით. ტურისტული გათვლები აღარ გვაქვს. ახლა ადგილობრივ მომხმარებელზე ვართ კონცენტრირებულები და იმ რეზიდენტებზე, რომლებიც უკვე წლებია აქ ცხოვრობენ“, – განმარტა კახიძემ.
მისი თქმით, ადრე ტურისტული სეზონის დაწყებისას რესტორანი კონკრეტულ ქვეყნებზე და სეგმენტებზე აკეთებდა გათვლას, თუმცა ახლა ეს სტრატეგია უკვე არარეალურია. „ახლა, ქვეყნის არასტაბილურობის გამო, ასეთი გათვლები არაეფექტიანია. შესაძლოა, ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს, ამიტომ ვირჩევთ სტაბილურობას და ადგილობრივ ბაზარზე ვკონცენტრირდებით“, – აღნიშნა კახიძემ.
კახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, ეს არ იქნება პანდემიამდელი ზრდა, ან წინა წლების მასშტაბებით.
პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ცვლილებების გამო, რესტორან „სოფიკოში“ ფასებიც გაიზარდა.
„ფასების ზრდა მოგვიწია როგორც „სოფიკოში“, ასევე ჩვენს სხვა ობიექტებშიც. მენიუ შევცვალეთ და ფასები საშუალოდ 20-25%-ით გავზარდეთ“, – აღნიშნა კახიძემ და დასძინა, რომ ფასების კორექციის მიზეზი ნედლეულის გაძვირებაა.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ირაკლი კახიძე იმედოვნებს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა ამ ეტაპზე რესტორანი კვლავ ადგილობრივ ბაზარზეა კონცენტრირებული.
