“ერთადერთი რამე მინდა ვთქვა ახლა პირველ რიგში საკუთარი თავის გასაგონად, მერე ყველასთვის, ვინც ჩათვალა, რომ რუსთაველზე ყოველ დღე დგომა მისი კი არა, ვიღაც სხვისი პასუხისმგებლობაა.
ამ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ფინანსური რისკის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ფასად 154 დღეა რუსთაველზე დგანან, რეალურად გამოვიდა რომ შევატოვეთ ამ ქვეყნის ბედი. ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ გამძლეობაზე და უტეხობაზე დგას დღეს ამ ქვეყნის მომავალი.
და ყველას აქვს თავისი ლიმიტი. ერთ დღეს გავიხედავთ და აღმოვაჩენთ, რომ რუსთაველი ვეღარ გადაიკეტა და აღმოვაჩენთ, რომ პროტესტი ხილული აღარ არის. მაგ წამიდან დაიწყება კიდევ უფრო უარესი ჯოჯოხეთი.
თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, შეუძლებელია ცხოვრების ისე გაგრძელება თითქოს არაფერი მომხდარა. როგორც არ უნდა გვინდოდეს შევეგუოთ, ვერ შევეგუებით. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, რამენაირად თქვენი მდგომარეობა ახლოს მაინც არის იმ მდგომარეობასთან სადაც 2022 წლამდე ან თუნდაც 2024 წლის 28 ნოემბრამდე იყავით? ყველას ვეკითხები ამას, ყველას, ვინც თქვა რომ აღარ შემიძლია, რაღაცნაირად უნდა გადავარჩინო რისი გადარჩენაც შეიძლება. ჯერ არავის უთქვამს, რომ თავს კარგად კი არა ნორმალურად მაინც გრძნობს.
რუსთაველის მიტოვებით ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იცხოვრებს იმასთან მიახლოებულადაც კი, როგორც ცხოვრობდა 28 ნოემბრამდე. ამიტომ ყოველ დღე თუ არა, მოდი ყველამ საკუთარ თავში ვთქვათ, რომ აი კვირაში ერთხელ მაინც, რუტინულად გავალ. ჩემ წილ პასუხისმგებლობას ავიღებ და ამ ადამიანებს მხარს შევუყენებ.
ესაა პრინციპულად მნიშვნელოვანი. მილიონჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ. გმირობას არავინ ითხოვს, მაგრამ ეს ადამიანები, ვინც პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით საკუთარი თავი, ცხოვრება, ჯანმრთელობა და ყველაფერი გადადო და მართლა დღე არ ჩაუგდია ისე გადის რუსთაველზე, უნდა გრძნობდნენ ჩვენ მხარდაჭერას და უნდა გრძნობდნენ რომ ჩვენც ჩვენ მაქსიმუმს ვდებთ.
ეგაა მნიშვნელოვანი. ბევრი მიზეზია რის გამოც ყოველ დღე შენ შეიძლება ვერ გახვიდე, მაგრამ ერთი დღე ხომ მაინც შეგიძლია კვირაში.
აზრი არ აქვს? მაშინ დაფიქრდი, გულზე ხელი დაიდე და ისე თქვი რას აქვს აზრი?” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.