ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი – როგორ აღმოაჩინეს სტუდენტებმა, რომ თბილისის ნაცვლად ხიჭაურში ისწავლიან

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ათეულობით სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ მათი არჩეული, “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი”, რომელშიც ისინი ჩაირიცხნენ, თბილისიდან შორს, 300 კილომეტრში, აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ ხიჭაურშია.

სტუდენტები იქ სასწავლებლად ვერ მიდიან და ეს ჯგუფი ახლა გამოსავლის ძიებაშია.

“ყველას არ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა, სხვა ქალაქში გადავიდეთ… ფსიქოლოგიურად და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეც, ძალიან რთულია”, – წერია მიმართვაში, რომელიც ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში ჩარიცხულებმა გაავრცელეს.

“ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და ჩემთვის წარმოუდგენელია ჩემი შვილი ამხელა გზაზე მარტო გავუშვა სრულიად უცხო ადგილას…” – წუხს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი.

“ისედაც ამდენი სტრესი და ამდენი შეცვლილი კანონები გადაგვატარეს, ყველაფერმა ჩვენს თავზე გაიარა და ისედაც დასტრესილები ვართ… კიდევ იქ წასვლა… არ ვიცი”, – წერს მეორე.

ერთ-ერთი აბიტურიენტი შარშან საერთოდ ვერ მოხვდა უმაღლესში, წელს კი უცებ ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ხიჭაურში აღმოჩნდა.

“მარტო მაინც ვერ გავუშვებთ”

ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა ანი ბერიძის ოჯახის წევრიც, რომლისთვისაც, ეს არ ყოფილა პრიორიტეტული უნივერსიტეტი – აირჩია, როგორც ერთ-ერთი ასარჩევი უნივერსიტეტებიდან, თუმცა დაწვრილებით ინფორმაცია აღარ უძებნია:

“არ ვიცოდით სად იყო. იმიტომ შევცდით, რომ განსხვავებით სხვა უნივერსიტეტებისგან, რომლებიც მდებარეობს სხვა ქალაქებში, აქ არ იყო მითითებული უნივერსიტეტის დასახელების გვერდით ქალაქი – როგორც ეს არის ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შემთხვევაში”.

ანის თქმით, ოჯახს ძალიან გაუჭირდება 18 წლის ახალგაზრდის გაგზავნა რეგიონში, თუმცა არჩევანიც არ არის: ის ან სტუდენტის სტატუსის გარეშე უნდა დარჩეს, ან გარკვეული დროით, მობილობის შესაძლებლობამდე მაინც წავიდეს იქ სასწავლებლად.

“მარტო მაინც ვერ გავუშვებთ და ოჯახის წევრებს მოგვიწევს მორიგეობით მასთან ჩასვლა. თუმცა ყველას სამსახური გვაქვს და ესეც ძალიან გაგვიჭირდება… ვფიქრობთ, რა ვქნათ და ამ სიტუაციაშია 124 აბიტურიენტი”.

რა მოხდა? რატომ დაუშვა ერთდროულად ამდენმა სტუდენტმა შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობენ?

“არჩევანის გაკეთებისას უნივერსიტეტის სახელწოდებიდან მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყველასთვის მკაფიოდ არ იყო აღქმული… ჩვენ სწავლის გაგრძელებაზე უარს არ ვამბობთ. არ გვინდა, ეს შესაძლებლობა მხოლოდ სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამო დავკარგოთ”, – წერენ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები.

მათ ისიც გაარკვიეს, რომ ამ ეტაპზე ხიჭაურის უნივერსიტეტს (აჭარაში ამ უნივერსიტეტს სწორედ ამ სახელით იცნობენ) სრულად დისტანციური ან ჰიბრიდული პროგრამები არ აქვს და არც მათი შემოღებაა დაგეგმილი.

შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კურსების ონლაინ ჩატარება, რაც სტუდენტების პრობლემას ვერ აგვარებს.

ისინი ითხოვენ, რომ ან მეორადი ჩარიცხვის/გადანაწილების პროცესში ჩართონ, ან სხვა გზა გამოინახოს, რომ სტუდენტებმა მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას გააგრძელონ სწავლა.

სოციალურ ქსელებში ამ ამბის გავრცელების შემდეგ კრიტიკის სამიზნე ისევ ეს სტუდენტები გახდნენ.

“ვერ დაგუგლეს, სად აბარებდნენ?”

“შავით თეთრზე წერია მისამართი…” – წერდნენ ფეისბუკზე.

ზოგიერთმა ეს ამბავი “სასკოლო განათლების სავალალო მდგომარეობას” დაუკავშირა.

“ვეკითხები ხოლმე, იცით, სად არის ეგ უნივერსიტეტი?”

“დაბნეულობა და გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ აბიტურიენტთა 2026 წლის ცნობარში, ყველა უნივერსიტეტს, გვერდზე, ფრჩხილებში უწერია, სად არის ეს უნივერსიტეტი, რომელ ქალაქში აქვს ფილიალი, აქ კი – ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის შემთხვევაში, მისამართი მხოლოდ თავფურცელზე, დასახელების ქვემოთ გრაფაში წვრილად აქვს მიწერილი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი. როგორც აღმოჩნდა, მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ფაკულტეტების და უნივერსიტეტების არჩევისას, უმრავლესობა ცნობარს არ უყურებს ხოლმე.

ამონარიდი აბიტურიენტთა 2026 წლის ცნობარიდან, სადაც მისამართის გრაფაში მითითებულია უნივერსიტეტის ადგილი
ამონარიდი აბიტურიენტთა 2026 წლის ცნობარიდან, სადაც მისამართის გრაფაში მითითებულია უნივერსიტეტის ადგილი

“მაგას ვერც ნაეკის პორტალზე ხედავენ… აბიტურიენტი კი არა, არც მე მივაქცევდი მაგ მინაწერს ყურადღებას. ამიტომ ჩათვალეს, რომ ეს იყო თბილისში არსებული, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი უნივერსიტეტი. ტყუილად დასცინიან ამ ბავშვებს”.

ვრცლად