„მეგობრებო! ომია! დავიღალე ამის შეხსენებით! ხანდახან ისე ვიქცევით, რომ „დაგვღალეს” და სანგრებიდან „ჩაის დასალევად” გავდივართ და მერე კვლავ „ბრძოლის ველს” ვუბრუნდებით კლავიატურასთან,” – მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თანამებრძოლებს და გუშინ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შეფასებას აკეთებს. როგორც ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, ომში ვართ და ცოტა უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს.
„ზუსტად 24 საათი დავაცადე, ახლა კი, დავწერ. უამრავი ემოცია დავაფიქსირე ამ ერთ დღე-ღამეში: სიბრძნე-უმეცრება-სიფრთხილე-შეცდომა-ღალატი-გონიერება-დანაშაული და ა.შ. გავიმეორებ: ჭეშმარიტება – ერთია, სიმართლე – მრავალფეროვანი; სულსწრაფობა, მოუთმენლობა – ცოდვაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭეშმარიტება შორსაა ჩვენგან, სიმართლე კი – სუბიექტურია.
ჭეშმარიტება – ღმერთის „სინონიმია”, ისევე, როგორც „სიყვარული”. ყველაფერი დანარჩენი – სუბიექტური ფიქციაა და ილუზია. გუშინ უამრავი ადამიანი აჰყვა ემოციას, თუნდაც საკუთარი „სიმართლის” მატარებელი ყოფილიყო. ალბათ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ნეტავ იმდენი არ ვიცოდე, რისი თქმაც ამ ეტაპზე უბრალოდ არ შეიძლებოდეს.
მეგობრებო! ომია! დავიღალე ამის შეხსენებით! ხანდახან ისე ვიქცევით, რომ „დაგვღალეს” და სანგრებიდან „ჩაის დასალევად” გავდივართ და მერე კვლავ „ბრძოლის ველს” ვუბრუნდებით კლავიატურასთან. ასე არ გამოვა. არც ის გამოვრიცხოთ, რომ 20 იანვრამდე ყველა დაკონსერვებულ აგენტს გამოაგდებენ მზის შუქზე, რამეთუ გახარიას თქმის არ იყოს, 20 იანვრის შემდეგ ამ აგენტების დაკონსერვების გახანგრძლივებას აზრი აღარ ექნება.
მაგრამ, ჩვენც ნუ გავუადვილებთ ამ აგენტებს – „გავლენის” თუ „რიგითებს” მათი უკანასკნელი დავალებების შესრულებას. ომში ვართ და ცოტა უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს და ბრძოლისუნარიანობის ეფექტურობა. ტაქტიკური შეცდომა – უამრავი გამოვლინდება. სტრატეგიულ გამარჯვებას ნუ დავაზიანებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციურად რაღაც „ქულები” თუ „ლაიქები” მოვიპოვოთ სტატუსებში მოკლევადიან პერსპექტივაში.
P.S. არ გეგონოთ, რომ მეტის დაწერა არ შემიძლია. არ შეიძლება! მოწინააღმდეგის პროვოკაციას „ფინთი გოიმივით” არ წამოვეგები და თქვენც არ გირჩევთ!” – წერს დავით ქართველიშვილი.