ტარიელ ხარხელაური: ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა

იუბილარია. პოეტი 78 წლისაა! უნივერსიტეტში მის საღამოზე დასწრება თუ გსურთ, თადარიგიც უნდა დაიჭიროთ. 13 დეკემბერს ხუთ საათზე, სააქტო დარბაზში, მიბრძანდით და მოეფერეთ საყვარელ პოეტს.

თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. იყო მეცხვარე. აბა, მთაში და ივრის ხეობაში დაბადებულ მეცხვარე ფილოლოგს რომ ენა ასე უჭრის, რა გასაკვირია?!

“შენი პოეზია დღესაც ისეთივე წრფელი და მართალია, როგორიც იყო ამ ოთხი ათეული წლის წინათ. შენს სანდო სიტყვაში ისევ ისმის ხმები ივრის ხიბლიანი ხეობისა. ეს ხომ შენი ცხადსიზმრიანი ხილვების, მხატვრული წარმოსახვისა და მოზღვავებული სათქმელის უსუფთავესი პირველსათავეა!..” – ეს ამირან არაბულის სიტყვებია, მეგობარს რომ სამი წლის წინ 11 დეკემბერს უძღვნა.

ეთეროს ხელის სათხოვნელად თუშეთში წასულ ამირანს გულს და მხარს სწორედ ტარიელ ხარხელაური უმაგრებდა.

ეთერ თათარაიძე: მოვიდა ტარიელი და მეუბნება, ახლა მე და ამირანი მამაშენთან მივდივართო. რატო-მეთქი, გამიკვირდა. შენი ხელის სათხოვნელადო. მე ხუმრობა მეგონა. მე კი ვხვდებოდი, რომ ამირანს მოვწონდი, მაგრამ არც ისე იყო საქმე, რომ ხელის სათხოვნელად მისულიყო მამაჩემთან.

მართლა წასულან. ორ დღეში უკან მობრუნდნენ და ამბავი მომიტანეს. მამას შირაქში ჩააკითხეს, ცხვარში. მამას უკითხავს, ამხელა გზაზე გატარათ ეთერომ, იცისო? ტარიელს უთქვამს, იცისო. მე ჩემს შვილს ვენდობი, თანახმა ვარო. ბიჭებს რაღაც საგზალი ჩაუტანიათ და სად გავშალოთო, უკითხავთ მამაჩემისთვის. იქვე მინდორში ყვავილები ბიბინებდაო, ჰყვებოდნენ. მამა პოეტური კაცი იყო. ნახეთ, რომელი სუფრაც მოგეწონებათ, იქ გაშალეთო, უთქვამს.

ტარიელ ხარხელაური: ექვსი საათი ვიარეთ. თუ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ, აქ რა მოგარბენინებდათო, გვითხრა და იქვე პატარა გორაზე სუფრა გაგვიშალა, ცხვრის ხორცი და ყველი ჰქონდა…და უზარმაზარი თუშის გულით დაგვხვდა. სასიამოვნო ოჯახი აქვთ თათარაიძეებს… და ჩემს ამირანს. ეთეროს ოჯახისნაირი ოჯახების სიმრავლეს ვუსურვებ საქართველოს.

იმაში, რომ ხარხელაურის პოეზია მთის თავანკარა წყაროსავით სუფთა და მაცხონებელია, უფლის მადლი ურევია. თუმცა კრებულებად რომ გვესახსოვრა, ეს უკვე მისი მეუღლის დამსახურებაა.

აი, რა უთხრა “პრაიმტაიმს” პოეტმა ქალბატონ მარინაზე, რომელიც მისი მუზა გახლავთ.

ტარიელ ხარხელაური: საერთოდ ლექსებს ნაგლეჯებზე ვწერდი. ჩემი ცოლი ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა… კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს აგარაკი ჰქონდა სიმონიანთხევში, ჩემს სოფელში. სწორედ მისი და ჩემი ცოლის წყალობით გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ “დანაშაულიც” ჩაიდინეს.

მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით, ამის დაწერა არ შემიძლია.

“დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ” – ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს – “წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით”. ამას ადამიანის გონება ვერ შექმნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული.

მეუღლეს პოეტი ემადლიერება და ამბობს: რომ არა მარინა, ასე ძლიერი ვერ ვიქნებოდიო…

“გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.

ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი” – ტარიელ ხარხელაური.

News.ge პოეტს დაბადების დღეს ულოცავს!