სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
კერძოდ, საქმე ეხებოდა უძრავ ქონებას, რომლებიც მომჩივნებს საქართველოში, აფხაზეთში დარჩათ ან არ შეუძლიათ გამოყენება მას შემდეგ, რაც იქ საომარი მოქმედებები დაიწყო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.
სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.
“სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი იყო ტერიტორია, რომელსაც რუსეთი დე ფაქტო აკონტროლებდა. მან, კერძოდ, დაადგინა, რომ განმცხადებლებს [მომჩივნებს] ჰქონდათ სახლები აფხაზეთში. თუმცა, მათ არ ჰქონიათ ხელმისაწვდომი ეფექტური საშუალებები არც საქართველოში და არც რუსეთში, რათა უზრუნველყოთ ამ საკუთრებაზე წვდომა. რუსეთის მიერ ტერიტორიის კონტროლის გამო, ასევე მისი მხრიდან ძალისხმევის ნაკლებობის გამო, დაეცვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა საკუთრების უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2-მა რუსმა: გალინა ტაგანოვამ და ტარიელ ესართიამ და 4-მა ქართველმა: ქეთევან მეხუზლამ, ქსენია სანაიამ, სულიკო დვალმა და მარინა გოგიამ. ისინი 1914-დან 1960 წლების შუალედში დაიბადნენ.
რეგიონში საომარი მოქმედებების გამო, რომელიც 1992 წელს დაიწყო, განმცხადებლების უმეტესობამ აფხაზეთი დატოვა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. მას შემდეგ განმცხადებლებს არ შეუძლიათ ტერიტორიაზე დაბრუნება. ყველა მომჩივანი აცხადებს, რომ მათ იქ აქვთ სახლები, თუმცა ადგილზე ჩასვლას ვერ ახერხებენ და ვერ სარგებლობენ. რამდენიმე განმცხადებელი დარეგისტრირდა იძულებით გადაადგილებულ პირად საქართველოში”, – ვკითხულობთ პრესრელიზში.