“სოხუმი ახლა წარმოუდგენელ ჩიხშია…” – სანაია

ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან საინტერესო პროცესებია.
მას შემდეგ, რაც აფხაზებმა არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას, დაემტკიცებინა რუსული კანონი და ასევე არ მიაღებინეს კანონი აპარტამენტების შესახებ, მოსკოვმა სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა. ორი სიტყვით ამ ორ კანონზე. რუსული კანონი რაც არის, ვიცით. პირდაპირ უნდა გადმოეწერათ ის, რაც რუსეთში მოქმედებს; აპარტამენტების კანონი კი აფხაზეთში მთლიანად შეცვლიდა ამჟამინდელ დემოგრაფიულ მდგომარეობას, რადგან ათიათასობით აპარტამენტის მშენებლობა, რომლის შეძენა მხოლოდ რუსებს შეეძლებათ და არა ღარიბ აფხაზებს, რას გამოიწვევს, ძნელი მისახვედრი არაა. ,,პრეზიდენტმა” ბჟანიამ ვერ მოახერხა ამ კანონების დამტკიცება. ამის შემდეგ, აგვისტოში ის დაიბარეს მოსკოვში, სადაც პუტინის ადმინისტრაციის უფროსი კოზაკი შეხვდა. ამ დღეებში გავრცელდა იმ შეხვედრის პროტოკოლი. შინაარსი ასეთია : ფინანსური დახმარების შეწყვეტა 1 სექტემბრიდან – ეხებათ მასწავლებლებს, ექიმებს, პოლიციელებს და ბიუჯეტზე დამოკიდებულ სხვა კატეგორიებს; ელექტროენერგია მხოლოდ კომერციულ ფასად (ზამთარი მოდის). ფაქტობრივად მოსკოვი ბლოკადაში აქცევს ოკუპირებულ აფხაზეთს. კოზაკი-ბჟანიას პროტოკოლში კიდევ ერთი პუნქტია. ბჟანიას უთხრეს, 20 სექტემბრამდე მოსკოვში იდოს ,,პარლამენტის” დეპუტატთა და ოპოზიციური ორგანიზაციების იმ წარმომადგენელთა გვარები, რომლებიც ხელს უშლიან ს გეგმებს აფხაზეთში – რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან. ერთი მხრივ, მოსკოვი სჯის აფხაზურ საზოგადოებას, რომელმაც არ მისცა ბჟანიას შესაძლებლობა, პუტინის დავალებები შეესრულებინა. მეორე მხრივ, ცალკე ბჟანიას ოპონენტებსაც სჯის. მესამე მხრივ, ბჟანიას თითქოს მოწინააღმდეგეებს უსუსტებს, მაგრამ მასაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. ბჟანიამ ისეთი ვალდებულებები აიღო პუტინის წინაშე, რაც ვერ შეასრულა – შედეგად მოსკოვთანაც მძიმედა აქვს საქმე და შიგნითაც. მთავარი კი ისაა, რომ მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდროულად ყველას ურტყამს მათრახს. თან გავითვალისწინოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზები დგას და ძალა რუსეთის ხელშია. სერიოზული კრიზისია, რადგან მოსკოვი უძლიერეს წნეხს ახორციელებს. აი, ასეთი ,,მოკავშირეა” რუსეთი, საითაც ივანიშვილი ექაჩება ქვეყანას; აი, რამხელა საფრთხეა რუსეთზე ჩამოკიდება; თუ დასავლეთს უარს ვეუბნებით, მთლიანად რუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდებით, ფინანსურად და ყველანაირად, შემდეგ ივანიშვილი ყველაფერზე მოუწერს ხელს მოსკოვს – მგონი ადვილი მისახვედრია, რა ,,სუვერენიტეტზე” გვესაუბრება ,,ქართული ოცნება”. სოხუმი ახლა წარმოუდგენელ ჩიხშია, – ფულს ვერსაიდან მიიღებს, სანაცვლოდ კი კატასტროფულ დათმობებს სთხოვენ.
თუ ივანიშვილს არ მოვიშორებთ, ენგურს აქეთ საქართველოც მაგ მდგომარეობაში აღმოჩნდება. დასავლური მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური მთლიანად შეწყდება. ამას არც ამერიკა მალავს და არც ევროკავშორი. ესე იგი, ქვეყანა დარჩება რუსეთის შემყურე, რომელიც ისეთ მოთხოვნებს წამოაყენებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს მიწასთან გაასწორებს, თან არც არაფერს მოგვცემს სანაცვლოდ, რადგან საქართველოს რჩენა კი არა, თავად აწევს კატასტროფული სანქციები. აქ ბაზებს დააყენებინებს ბიძინას და რუსი ჯარისკაცების გამოკვებაც ქართველებს მოუწევთ. ასე სამ ნაწილად დაყოფილ საქართველოს მოსკოვი ცალ-ცალკე მოუღებს ბოლოს.