სოფლის მეურნეობის პროდუქცია წლიურად 13.3%-ით გაძვირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 51.6 პროცენტიანი მატებით, რაც 9.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, -1.16 და 5.39 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.
ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
· ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.);
· მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
· ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).
