“სისხლით ქართველი ვარ, ვისაც რუსი ხალხი უყვარს” – კვეკვესკირი ნაკრებზე ნაწყენია

34 წლის ირაკლი კვეკვესკირი ს პრემიერლიგის კლუბ “ფაკელის” რიგებში მესამე სეზონს ატარებს. ფეხბურთელმა ინტერვიუ რუსულ საიტ sports-ს მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი ოჩამჩირეშია დაბადებული და ორმაგ: საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.
“რასაკვირველია, სისხლით ქართველი ვარ, რუსეთმა კი, ყველაფერი მომცა. რუსი ცოლი მყავს, მეგობრები, ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ ვმუშაობ. ახლა კრიტიკა მოდაშია, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ. მე ქართველი ვარ, ვისაც რუსეთი და რუსი ხალხი უყვარს. ამ ქვეყანაზე ცუდს არასდროს ვიტყვი, რადგან ვთვლი, არ არსებობს
ცუდი ერი, არსებობენ ცუდი ადამიანები.
ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოს ნაკრებიდან არასდროს დაურეკავთ, გაფართოებულ სიაშიც არასდროს შევუყვანივარ. შეიძლება ქართველად არ მთვლიან, რაც მათი უფლებაა. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვისაც რუსეთი უყვარს.
თუმცა საქართველოს 19 და 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებში ნათამაშები მაქვს. შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელები რუსეთში ლეგიონერებად ჩაითვალნენ. მოსკოვის “არარატში” მივედი და 8 ტური ვერ მარეგისტრირებდნენ, მეუბნებოდნენ, ლეგიონერი ხარო. სრული სისულელე იყო, რადგან პირველად მოქალაქეობა რუსეთის მაქვს. ყველა დოკუმენტი წარვადგინე, ატესტატიც კი და როგორღაც დამარეგისტრირეს. არ ვიცი, შესაძლოა ეს ფაქტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე მოქმედებს,” – თქვა კვეკვესკირმა.
ფეხბურთელს კარიერის გარკვეული პერიოდი საქართველოშიც აქვს გატარებული, ჯერ “დინამო ს”, შემდეგ ლანჩხუთის “გურიის” რიგებში გამოდიოდა.