ეროვნული ლიგის XXXI ტურიც ისტორიის კუთვნილება გახდა. არაერთხელ დაგვიწერია: ჩვენს ჩემპიონატში დაძაბულობა ნამდვილად არის, სანახაობისა კი რა მოგახსენოთ. ეს წინაპირობა ლაიტმოტივად გასდევდა ამ ტურსაც…
“სამგურალმა” შეწყვიტა მოგებათა 5-მატჩიანი სერია. ეს მოხდა “გაგრასთან” საშინაო შეხვედრაში. მასპინძელი სულაც აგებდა, მაგრამ დიდებულ ფორმაში მყოფმა გიორგი ფანცულაიამ ქულა გადაურჩინა თავის გუნდს და 15 გოლით სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას…
თბილისის “დინამომ” შინ ულაპარაკოდ დაამარცხა “თელავი”. სადებიუტო გოლი შეაგდო 18 წლის გიორგი გვასალიამ. გაიტანა მიმდინარე სეზონში “დინამოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე მორჩილაძემაც, ხოლო საჯარიმო დარტყმა დიდოსტატურად შეასრულა ამ საქმის სპეციალისტმა, ნიკა ნინუამ. “დინამო” მესამე ადგილისთვის იბრძვის “ტორპედოსთან” ერთად, რომელსაც ამ ტურში კვლავ გადაუსწრო.
ქუთაისელები ტურის ცენტრალურ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდნენ “დილასთან”. ერთადერთი გოლი შორეული დარტყმით ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეაგდო, რაშიც “ტორპედოს” მეკარე ფილიპ კლიაიჩიც “დაეხმარა”.
“კოლხეთი” უგებდა “გარეჯს”, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ზოგადად, ფოთელებს დასჩემდათ მოპოვებული უპირატესობის განიავება და ეს ზღვისპირელთა მთავარ ნაკლად უნდა ჩაითვალოს. ვფიქრობთ, “კოლხეთს” ახლა სასწაულიც ვეღარ იხსნის ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებისგან.
ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის “დინამომ” თბილისის “იბერია 1999-ს” უმასპინძლა. მართალია, “იბერიას” ვიდეორეფერიმ 11-მეტრიანები გაუუქმა, მაგრამ ფავორიტმა მაინც მოიგო. აი, ბათუმის “დინამო” კი საფრთხეშია. უკვე დიდი ხანია, ამ ტრადიციული ქართული კლუბის გასაჭირზე ვწერთ, მაგრამ საშველი არ ჩანს. იმედია, ახლო მომავალში გამოჩნდება. ასე კი, “იბერიას” და “დილას” თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობით ლიდერი თბილისური კლუბია.
გთავაზობთ “ლელოს” ვერსიით შედგენილ ეროვნული ლიგის XXXI ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემად კლასიკური 4-4-2 განლაგება გამოვიყენეთ.
დავით კერესელიძე (დილა, 4) – კარგად გაისარჯა “ტორპედოსთან” მატჩში. გორელთა კარში გოლი რომ არ გასულა, უდავოდ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის დამსახურებაცაა.
გიორგი გვასალია (დინამო თბ, 2) – შედეგიანად დაუბრუნდა მოედანს. მათე ვაწაძის გადაცემის შემდეგ, სწორედ მან გახსნა ანგარიში “თელავთან” მატჩში. ამ ბიჭის ძალიან გვეიმედება. ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ ჩვენი ფეხბურთის ქომაგი გაახაროს.
პედრო მენდეში (დილა, 3) – მაღალი კლასის მატჩი გამოცდილი პორტუგალიელი მცველისგან. “ტორპედოსთან” მატჩში უაღრესად საიმედოდ და ჭკვიანურად მოქმედებდა, რამაც ქუთათურთა შემტევებს საქმე გვარიანად გაურთულა. ბევრი უნახავს კარიერის განმავლობაში, თავდაჯერებულია და ეს საქართველოს ჩემპიონატშიც გადმოჰყვა.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (დილა, 5) – შედარებით ფლანგზე გაწეულმა ითამაშა, მაგრამ ჩვენ ადგილი დაცვის ცენტრში მივუჩინეთ. მერამდენედ გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი. ახლაც შესანიშნავი დარტყმით მოაგებინა “დილას” უმნიშვნელოვანესი თამაში და ამ გამარჯვებით გორული კლუბი საჩემპიონო ბრძოლაში დატოვა.
გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999, 3) – ვფიქრობთ, გიორგის წვლილი ძალიან დიდია იმაში, რომ დღეს “იბერია” ლიდერობს ეროვნულ ლიგას. მისი დაბრუნების შემდეგ თბილისური კლუბი უკეთესად ათამაშდა. გამონაკლისი არც ბათუმის “დინამოსთან” მატჩი იყო. ჯინჯოლავამ შორიდან გაიტანა და მშვენივრადაც ითამაშა.
თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ, 9) – ორი აზრი არ არის, რომ მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია – როგორც სტატისტიკით, ისე – თამაშის ხარისხით. აქტიური იყო თავის ყოფილ გუნდთან მატჩში და გოლიც მიითვალა. რაც მთავარია, მიმდინარე სეზონში შედეგიანობას მნიშვნელოვნად უმატა.
სანდრო ალთუნაშვილი (იბერია 1999) – ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა თავისი ყოფილი კლუბის, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ. საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და, გარდა ამისა, მინდვრის ცენტრში უაღრესად სასარგებლოდაც იმოქმედა. “იბერიას” მისი დაბრუნება ძალიან წაადგა.
ნიკა ნინუა (დინამო თბ, 3) – კარგია, რომ თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. კარგად ვიცით, როგორ შეუძლია საჯარიმო დარტყმების შესრულება. ტრადიციას არც “თელავთან” შეხვედრაში უღალატა და “სტანდარტულის” ზუსტად შესრულებით გამოიჩინა თავი.
ბაჩანა მოსაშვილი (გარეჯი, 2) – ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ფოთის “კოლხეთთან”. ორი საგოლე პასი ერთ კონკრეტულ შეხვედრაში – ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პლუსია. ჯერ ნიკა კაჭარავას გაუწია ასისტენტობა, მერე – ლუკა თოლორდავასაც. “გარეჯმა” კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
გიორგი ფანცულაია (სამგურალი, 4) – მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია. მისმა გვიანმა გოლმა გუნდი “გაგრასთან” მარცხისაგან იხსნა, თავად კი დამაჯერებლად გალიდერდა ბომბარდირთა დავაში. მიმდინარე სეზონში “სამგურალის” აშკარა ლიდერია.
ნიკა კაჭარავა (გარეჯი, 2) – საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფორვარდი თანდათან უმატებს. “კოლხეთთან” შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მეტად მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო. ამ გოლმა “გარეჯი” დააწინაურა და მერე საგარეჯოელებმა ერთიც გაიტანეს.
დიეგო ლონგო (დილა, 2) – იტალიელი დამრიგებლის ხელში “დილამ” “ტორპედოსთან” გამართული, შემტევი ფეხბურთი ითამაშა. მთელ რიგ შემთხვევაში, გორული კლუბი “პირველი ნომერი” იყო მინდორზე და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო კიდეც. მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
“დილამ” “ტორპედოს” ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
“დინამო თბილისისა” და “გარეჯის” მოგებები, “სამგურალი”-“გაგრას” ფრე
L'Equipe-მა 2019 წლის სიმბოლურში “ლივერპულის” 5 ფეხბურთელი შეიყვანა
“დილამ” “ტორპედოს” ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
“იბერია 1999” პირველ ადგილზე დაბრუნდა, “გაგრამ” “დინამო ბათუმს” მოუგო
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში “ბარსელონას” 3 ფეხბურთელი შეიყვანა
“სამგურალის” ზედიზედ მეხუთე მოგება
მუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი
“დინამო თბილისისა” და “გარეჯის” მოგებები, “სამგურალი”-“გაგრას” ფრე
“დინამო თბილისმა” ფოთელებს მოუგო; “თელავი”-“ტორპედო” ფრედ დასრულდა
უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური გამოაქვეყნა
ნეიმარის გარეშე – უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა




