სეს-მა რძეში, ხორცსა და კვერცხში დამაბინძურებლების კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა – BMG

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, ღორის, ბოცვრისა და ფრინველის ხორცში, კვერცხსა და რძეში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევაზე.
ჯამში, საკვლევი ნიმუშების რაოდენობა 1 339 ერთეულითაა განსაზღვრული. მათ შორის ხორცის – 839 ნიმუშზეა საუბარი, კვერცხის 200, ხოლო რძის – 300 ნიმუშზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 322 515 ლარია. წინადადებების მიღება 23 აპრილს დაიწყება და 28 აპრილს დასრულდება. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდია მიჩნეული. ერთ ნიმუშზე ლაბორატორიული კვლევის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს.
ტენდერში მონაწილე ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს აკრედიტაციის მოწმობა. აკრედიტაციის სფერო დამტკიცებული უნდა იყოს მიმდინარე ტენდერის წინადადების მიღების დამთავრებამდე.
bm.ge