სერბეთმა გადაიფიქრა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტის გაძევება

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაეძევებინა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი ანტონ ბობრიშევი – აცხადებს “რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება”, ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი სერბეთის რუსული დიასპორიდან.
ბობრიშევი, რომელიც ცოლთან ერთად სერბეთში რვა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მონაწილეობდა ბელგრადში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებში. გასული წლის ივნისში, მან ბელგრადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პანცევოში მოაწყო აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. ნავალნი რუსეთის ციხეში თებერვალში გარდაიცვალა.
16 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ბობრიშევის თხოვნა უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაზე და მას ქვეყნის დატოვება უბრძანა. სამი დღის შემდეგ, სამინისტრომ ბობრიშევს 30 დღე მისცა სერბეთის დასატოვებლად, გასულ კვირაში კი უარი თქვა მის თხოვნაზე, გახანგრძლივებოდა ბინადრობის უფლება. სამინისტრომ ეს ახსნა იმ მოტივით, რომ აქტივისტი “სერბეთის უშიშროებას უქმნის საფრთხეს”.
თუმცა ბობრიშევისა და მისი ადვოკატის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ, 23 ოქტომბერს სამინისტრომ გააუქმა თავის მიერვე გაცემული გაძევების ბრძანება, სანამ საჩივრებს შესაბამისი უწყებები განიხილავენ, – წერს “რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება” ტელეგრამით.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში