„ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან დაპირისპირებაში „ორდაბასის“ 5:4 მოუგო და მომდევნო რაუნდში გავიდა. უნდა აღინიშნოს შიმკენტში ჩატარებული მატჩის შემდეგ ადგილობრივი გულშემატკივრების ღირსეული საქციელი, რომლებიც სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ, კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს და აპლოდისმენტებით გააცილეს.
მეტოქის მიმართ პატივისცემა ქუთაისურმა კლუბმა თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოხატა: „მადლობა ღირსეული მატჩისათვის! „ორდაბასის“ წარმატებებს ყაზახეთის პრემიერლიგაში და მომავალში საერთაშორისო შეჯიბრებებში ვუსურვებთ!“
ადგილობრივი მედია „ტორპედოს“ გამარჯვებით გაოგნებული დარჩა.
Prosports: „ყაზახეთმა ევროთასებზე სენსაციური დანაკარგი განიცადა. ყველა ფავორიტად ყაზახურ გუნდს მიიჩნევდა, მაგრამ პირველივე ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა”.
Vesti: „ორდაბასის“ მატჩი, რომლის დროსაც „ტორპედოს“ ფეხბურთელი გააძევეს, მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ“.
KazFootball: „ეს იყო ევროპული დრამა, ფრე და „ორდაბასის“ გავარდნა“.
sports24: „ორდაბასი“ – „ტორპედო“ 1:1. ფრე მწუხარებითი განშორებით“.
ჟურნალისტი ერბოლ კაიროვი sports-ში წერს, რომ „ორდაბასი“ ევროტურნირებზე სისტემატურად იღებს მონაწილეობას, როდესაც კენჭისყრის შედეგად მეტოქის ვინაობა გაიგეს, ბევი წერდა, თითქოს „ტორპედო“ სუსტი გუნდია და ადვილად გაივლიდნენ, თუმცა ქუთაისურ კლუბს ფინანსურად არ უჭირს და კარგი ფეხბურთელები ჰყავს.
კაიროვის თქმით, „ორდაბასის“ თუნდაც პირველი ბარიერის გადალახვა მართებდა, მაგრამ საშუალო დონის მოთამაშეებით ეს ვერ მოახერხა, ახლა კი კლუბმა მწვრთნელის, ანდრეი მარტინის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი უნდა განიხილოს.
sports-ი წერს, რომ ბულგარელი ნიკოლა პოპოვის მსაჯობამ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც საბა კვირკველია გააძევა და ისევე როგორც KazFootball-ი, Sportall.ge-ში გამოქვეყნებულ მატჩის მიმოხილვას სრულად სთავაზობს მკითხველს.
