სემეკმა, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, GWP-ის 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმა დაამტკიცა

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP -იმ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის, ქალაქ რუსთავის მერისა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის წინაშე, 2024-2026 წლებში დაგეგმილი პროექტების, ასევე, 2022-2023 წლებში განხორციელებული საინვესტიციო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა მ კომპანიისგან მოითხოვა განმარტება თუ რატომ იწელებოდა ან დათქმულ ვადებში არ სრულდებოდა 20022-2023 წლებში სემეკის მიერ დამტკიცებული 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები.
,,რუსთავის წყალმომარაგების საკითხს, აღარასოდეს რომ აღარ მივუბრუნდეთ, ამისთვის საჭიროა, იმ გეგმების, პროექტების დროულად და დათქმულ ვადებში განხორციელება, რომელიც GWP-იმ დღეს სემეკში წარმოადგინა. ეს საინვესტიციო გეგმა, კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით, სამ წელზეა გათვლილი. გეგმით გათვალისწინებული პროექტების ძირითადი ნაწილი, ჩვენთანაა შეთანხმებული, თუმცა მუნიციპალიტეტი გარკვეულ ნაწილზე ახალ პირობებს კიდევ დააყენებს, რადგან დღეს რუსთავში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და მათში GWP-ის ჩართულობა მნიშვნელოვანია. რუსთავისთვის 2022-2023 წელი იმ პროექტებისა და ინვესტიციების კუთხით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხარვეზებთან დაკავშირებული საკითხებიც იყო დაყენებული, რადგან პროექტების დასრულების ვადები გარკვეულწილად გადაცილებული იყო, ასევე ავარიებზე რეაგირება იყო არაშესაბამისი, მოვითხოვეთ, რომ 2024 წელს როგორც რეაგირება, ასევე ვადები, ზედმიწევნით იყოს დაცული და GWP-იმ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების სრულად დაცვა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური პროექტის განხორციელება, კომპანიამ 2022 წლის ბოლოს, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით დაიწყო.
“დღეს განვიხილეთ 2024 წლის საინვესტიციო პროექტები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ის დაუმტკიცა, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე სემეკი მონიტორინგს აქტიურად განაგრძობს”, – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
გასულ წელს კომპანია GWP-იმ რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობის, ქალაქში შემომავალი მაგისტრალური წყალსადენისა და ქალაქის შიდა ქსელების გასაახლებლად მასშტაბური პროექტები განახორციელა, 2024 წლის საინვესტიციო გეგმის თანახმად კი 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
“სემეკში გამართული დღევანდელი შეხვედრა ორ ძირითად საკითხს მოიცავდა. ჩვენ შევაჯამეთ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და წარვადგინეთ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქალაქ რუსთავში 15 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის, ახლით შეიცვლება მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე. ასევე განხორციელდება ხრამი-რუსთავის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ნაწილი. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის სარეაბილიტაციო პროექტებში 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს”, – განაცხადა GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, რუსთავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყველა დაგეგმილი პროექტის დროულად განხორციელება.
,,დღეს სემეკში მოვისმინეთ GWP-ის ანგარიში, რომელიც გასულ წელს წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა, ასევე მიმდინარე წელის საინვესტიციო გეგმას. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სემეკთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და GWP-თან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსთავის 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს სემეკმა შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში რუსთავში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმა.
რუსთავის მერიის ცნობით, კომპანია 2024-2026 წლებში, რუსთავში 45 971 101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც