საჯარო მოხელეები, რომლებიც ოცნებას გაემიჯნენ, ზეწოლაზე საუბრობენ და ომბუდსმენს მიმართავენ

საჯარო მოხელეები, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების პოლიტიკას, ამბობენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და სახალხო დამცველს მიმართავენ.
ისინი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ომბუდსმენისგან პასუხი არ მიუღიათ.
“თუკი საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი არ დაუჭერს მხარს მმართველი პოლიტიკური პარტიის კურსს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქართული ოცნება იქნება, თუ მომდევნო მთავრობები, რომლებიც ჩანაცვლდებიან და იქნებიან ქვეყანაში, ეს კანონი გაჰყვება ამ მთავრობებსაც და ნებისმიერ მთავრობას ექნება შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე საკუთარი თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის გაათავისუფლოს სამსახურიდან.
ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისგან რეაგირება ჯერჯერობით არ გვქონია, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მას, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით იმიტომ, რომ მუქარა, რომელიც აქამდე თეორიული იყო, პრაქტიკაშიც გადადის”- აცხადებს თბილისის მერიის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე.
28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესი შეაჩერა. ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას სხვადასხვა უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე გაემიჯნა.