,,სახელმწიფო საკონიაკე სპირტის ნედლეულის ბიზნესში მთავარი მოთამაშე ხდება, თუ მონოპოლისტი არა”- ლევან კობერიძე

მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
სახელმწიფოს მიერ დაბალი ხარისხის ყურძნისთვის ფასის ზღვრის დაწესება, ექსპერტების შეფასებით, როგორც ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, ისე მოსავლის ღირებულებაზე პირდაპირ და ირიბ ზეგავლენას მოახდენს, ხოლო გადაწყვეტილების დაგვიანებული გამოცხადება სექტორის მოთამაშეებს ადაპტაციის შესაძლებლობას ართმევს.
ბიზნესკონსულტანტი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფასო პოლიტიკაში სახელმწიფო პოლიტიკაში ჩარევაა.
,,ამ გადაწყვეტილებას, რამდენიმე პირდაპირი და ირიბი გავლენა ექნება ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. პირველ რიგში, იმისათვის, რათა საბაზრო სიტუაცია განჭვრეტადი იყოს, სასურველია, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები უფრო ადრე იყოს გაჟღერებული, რათა მოთამაშეებმა გადაწყობა შეძლონ. სახელმწიფოს მხრიდან ამ ზღვარის დაწესება დაბალი ხარისხის ყურძნის მოსავალზე, რა თქმა უნდა, ირიბ ზეგავლენას იქონიებს მოსავლის ფასებზე. ეს როგორც არ უნდა შევხედოთ, სახელმწიფოს მხრიდან საფასო პოლიტიკაში ჩარევაა”- აღნიშნა კობერიძემ.
კობერიძე ამბობს, რომ სახელმწიფო კომპანია ,,მოსავლის მართვის კომპანიის” გააქტიურება, წინასარ დადგენილი ფასები და, ფაქტობრივად, საკონიაკე სპირტის ნედლეულზე სახელმწიფოს მონოპოლია ქართული კონიაკის იმიჯს დააზარალებს. ასევე, აღნიშნული ცვლილება პრივატიზაციის პოლიტიკიდან გადახვევაა, რომელსაც საქართველო ბოლო 20 წელია ცდილობს განახორციელოს.
,, არაკონდიცირებული ყურძენი საკონიაკე სპირტების საწარმოებლად გამოიყენება. რეალურად, ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, როცა სახელმწიფო ნებით თუ უნებლიედ საკონიაკე სპირტების ნედლეულის ბიზნესში მთავარი მოთამაშე ხდება, თუ მონოპოლისტი არა. მე ამის მომხრე არ ვარ, რადგან საკონიაკე სპირტი, ისევე როგორც კონიაკი და ღვინო კომერციული პროდუქტია. არ ვიცი, ეს არის თუ არა სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგია, რომ ბიზნესში სახელმწიფო საწარმოების საშუალებით შევიდეს. ადრე პირიქით იყო, რომ სახელმწიფო საწარმოების მაქსიმალურად პრივატიზება უნდა მომხდარიყო.
თუ სახელმწიფო ამას არ ცდილობს, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები რჩება და სასურველია მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ამ საკონიაკე სპირტთან მიმართებით შემდეგში რა მოხდება: რა ფასად გაიყიდება? რომელი საწარმო მიიღებს? და რა რაოდენობით გაიყიდება?
კარგი იქნება, თუ სპეციალისტები კომენტარს გააკეთებენ საერთოდ რა ტიპის ყურძენი გამოიყენება საკონიაკე სპირტად?
განცხადება, რომ სახელმწიფო არაკონდიცირებულ ყურძენს იბარებს საკონიაკე სპირტისთვის, ვფიქრობ, რომ ქართული კონიაკის ბაზარზე ცუდად აისახება და მის რეპუტაციას დააზარალებს.