სახალხო დამცველი: 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი სხვადასხვა გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას და გამოთქვამს სრულ მზაობას, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლოს.

„2023 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75 წელი შეუსრულდა. 1948 წლის 10 დეკემბერს მეორე მსოფლიო ომის ბოროტების საპასუხოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი იქცა საყოველთაო უფლებების დაცვის იარაღად, თუმცა სამწუხაროდ ამდენი წლის შემდეგაც კი საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი.

ტრადიციულად სახალხო დამცველი აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.

2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა ს ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა. ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება წლებია საქართველოში დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესის და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები გარკვეულწილად ხარვეზიანი რჩება და ამასთან, განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელია. გამოწვევაა ისიც, რომ გასულ წლებში დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.

სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული გამოწვევები. ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული ცენტრალური და ადგილობრივი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების სერვისები არ არის საკმარისად მოქნილი და ეფექტიანი, მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება. არასრულწლოვანების ოჯახებისთვის პრობლემურია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებლის, საკვებისა და ბაზისური საჭიროებების პირადი მოხმარების ნივთების არქონა, რის გამოც ბავშვებს კვლავ უხდებათ სხვადასხვა მძიმე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება.

ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, რაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტურად განხორციელებას საჭიროებს. აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება. ამ კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს 2023 წელს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის დამტკიცება.

სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი წლიდან წლამდე იზრდება და მათი 36%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამ პირობებში სამწუხაროდ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია აღსრულებადი და ეფექტური სამოქმედო გეგმა და არ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რაც ხანდაზმული მოსახლეობის ღირსეულ და ჯანსაღად დაბერების გარანტიებს შექმნიდა.

დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. გარდა ამისა, დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტები შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე. პრობლემურია ასევე სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა.

სამწუხაროდ, წელსაც აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები. ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დღემდე პრობლემაა ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადების/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

კვლავაც სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი მონაწილეობა; ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა და აღდგენა; მწირია სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს.

ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც.

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს.

2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს.

წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულდა მათი ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რაც შესაბამისად საჭიროებს გაუმჯობესებას.

გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს.

არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით დამატებით აღსანიშნავია კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კერძოდ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.

ფსიქიატრიული დაწესებულებების უმთავრეს გამოწვევას დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.

სამწუხაროდ, შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი. მისასალმებელია, რომ გაიზარდა 2023 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა, სახეზე კვლავ არაერთი პრობლემა გვაქვს. მათ შორის, არ მომზადებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, კვლავ არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი და სხვ.

რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. სამწუხაროა, რომ არა თუ არ მომხდარა ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.

თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში, ასევე აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც.

გენდერული თანასწორობის მიმართულებით საგულისხმოა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობების (ს) კუთხით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას.

2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც. პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ შეესაბამება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემური ჩანაწერი. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანი რეაგირებაც.

როგორც წესი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა დიდ წილად დამოკიდებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებაზე. ამ კუთხით, სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი გარანტიები. მათ შორის, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო მანდატი გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, აუცილებელია გადაიხედოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ნუსხა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დარჩეს მხოლოდ სამსახურის ძირითადი მანდატის შესაბამისი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება.

ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციისა და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების კუთხით საქართველოს გენერალური პროკურატურის არსებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უკვე წლებია ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც, რომლის მიზანიც ინსტიტუციური მოწყობისა და მექანიზმის გაუმჯობესება უნდა იყოს.

2023 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა 8 ნოემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომლითაც საქართველოს 9 პირობა განესაზღვრა ორგანიზაციის წევრობის გზაზე. აღნიშნულ პირობებს შორის კვლავ შენარჩუნებულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხი. პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიცირებით განხორციელებული ზოგიერთი დადებითი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, როგორიც არის, მათ შორის, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების ზოგიერთი პროცედურის ახლებური რეგულირება, კვლავ შეუსრულებელია რიგი რეკომენდაციები, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს