სახალხო დამცველი მაღაროელებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

2025 წლის 10 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურმანგანუმის მაღაროს უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ლევან იოსელიანმა მაღაროელების პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე მაღაროელებმა სამსახურიდან გათავისუფლების, შრომის პირობების დაცვისა და კომპენსაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სახალხო დამცველს პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შუამდგომლობა სთხოვეს.
“სახალხო დამცველმა პრობლემის მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მანგანუმის მაღაროში იყო დასაქმებული, ათასობით ადამიანის უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დატოვებით კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც არღვევს ადამიანის შრომისა და ღირსეული ცხოვრების უფლებებს.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ნედლეულის ღია წესით მოპოვების შედეგად ფაქტობრივად გამოუსწორებელი ზიანი ადგება. სახალხო დამცველი მაღაროელებს დაჰპირდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა მათი გასაჭირი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანოს”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის: „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის “რადიკალური პროტესტი” დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა.