საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და ტარიფს სრულიად არ შეესაბამება. ამ დროს მომხმარებელს გადასახადი ყოველთვის სწორედ სიჩქარის გაზრდის მოტივით უძვირდება, თუმცა სერვისი რეალურად ვერ გაუმჯობესდა. ის, რომ კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, უკვე კვლევებითაც დადასტურებულია.
საყოფაცხოვრებო სექტორში ინტერნეტი სიჩქარის მოწოდების თვალსაზრისით პრობლემაა, არ შეესაბამება პირობებს და ძვირია. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყანა მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარით რეგიონში ბოლო ადგილზეა, როცა საქართველოს გავლით მიეწოდება ინტერნეტი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც.
სულ ახლახან კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკის კვლევის პირველადი მიგნებები, რომელთა მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. კვლევა ეყრდნობა ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორინგის სისტემაში 2021-2024 წლების განმავლობაში დაგროვილ შედეგებს.
კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ინტერნეტის ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 20 მბ/წმ-ს შეადგენდა, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 150 მბ/წმ-ს აღწევდა.
კვლევის თანახმად, სიჩქარის ტესტების 93%-ში შედეგი 30 მბ/წმ-ზე დაბალი იყო, რაც რეგიონულ ქვეყნებთან შედარებითაც დაბალია. მაგალითად, სომხეთში მომხმარებლების 80% იყო ამ ზღვარზე დაბლა, აზერბაიჯანში – 90%, მოლდოვაში კი მხოლოდ 43%. შესაბამისად, საქართველოში მომხმარებელთა მხოლოდ 7%-ს ჰქონდა 30 მბ/წმ-ზე მაღალი ინტერნეტის სიჩქარე, მაშინ როდესაც სომხეთში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა.
კვლევის თანახმად, განსხვავებული სურათია მობილური ინტერნეტის მიმართულებით: 5G-ის დანერგვის შედეგად, 2021–24 წლებში სიჩქარის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 53% იყო, რითაც საქართველო რეგიონში ლიდერობს.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოში ადგილი აქვს ტარიფის უსაფუძვლო ზრდას, რასაც სერვისი ვერ მიჰყვება და მომხმარებელთა ინტერესები იგნორირებულია. სატელეკომუნიკაციო სფეროს სპეციალისტის ლევან ნარიმანიძის შეფასებით, მაღალი ტარიფების პარალელურად კონკურენტული გარემო არაჯანსაღია, რაზეც მარეგულირებლის მხრიდან განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს.
,,საქართველოში ინტერნეტის ტარიფები არის საკმაოდ მაღალი. რამდენადაც ვიცი, ჩვენთან ტარიფები უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს არის ერთგვარი პარადოქსი იმიტომ, რომ ჩვენი პროვაიდერები ყიდიან ინტერნეტმომსახურებას ამ ქვეყნებში. აქედანაც ჩანს, რომ გადასახადი საკმაოდ მაღალია, პანდემიიდან მოყოლებული, მუდმივად იზრდებოდა, და არ მომხდარა არანაირად შემცირება, რაც ალოგიკურია და არასწორად მიმაჩნია.
ეკონომისტებს აქვთ ერთი რეცეპტი, რაც არის კონკურენცია. სხვა მექანიზმი, რაც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებს, არ არსებობს. უნდა იყოს კონკურენტული გარემო. ფასებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენტული გარემო პროვაიდერებისთვის უნდა იყოს ჯანსაღი, რათა ბიზნეს სუბიექტებმა ადვილად შეძლონ ბაზარზე შემოსვლა და დამკვიდრება.
თუ კონკურენტული გარემოა და მარეგულირებელი ჰყავს სფეროს, ფასწარმოქმნა უნდა იყოს შემუშავდეს მათ მიერ, რომ მომხმარებელი არ დაიჩაგროს. ფაქტია, ინტერნეტის სიჩქარე და ფასი შეუსაბამოა. მარეგულირებლის მხრიდან ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი. საჭიროა, უწყვეტი და მაღალი ხარისხის ინტერნეტის მოწოდება, ვინაიდან მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი არის სწორედ ინტერნეტის გადასახადი. ბიზნესს ამ მხრივ პრობლემა შედარებით ნაკლებად აქვს, ვალდებულებას კომპანიები მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან, რასაც ჩვენი მოქალაქეების შესახებ ვერ ვიტყოდი”, – აღნიშნა ლევან ნარიმანიძემ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
ტარიფებთან დაკავშირებით გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ, რომლის თქმითაც, გადასახადი იზრდება უსაფუძვლოდ, ხოლო მიწოდებული სერვისის ხარისხი საეჭვოა.
,,დღეს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ტარიფები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლებია, საქართველოში ფასი ხარისხზე გაცილებით მაღალია როგორც ინტერნეტ, ასევე სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ფაქტობრივად ამ ბაზარზე ჩვენ გვყავს სულ სამი მოთამაშე, ათეულობით მცირე ოპერატორია, მაგრამ ბაზარზე ამინდს ვერ ქმნიან. სიტუაციის გამოსასწორებლად კი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ინტერნეტის სიჩქარე არის ნამდვილად დიდი პრობლემა, მომხმარებელი ძვირს იხდის, მაგრამ შესაბამის სიჩქარეს და ხარისხს ვერ იღებს. რამდენადაც ცნობილია კომუნიკაციების კომისიამ შექმნა პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იყო შემოწმება, თუ რამდენად ეფექტურად მიეწოდებოდა ინტერნეტი მომხმარებელს. თუკი მომხმარებელი იხდის 100 ლარს, შესაბამისი მომსახურება უნდა მიეწოდებოდეს. საკმაოდ მაღალია დღეს ინტერნეტის ტარიფი, სწორი პირობები რომ იყოს, ბევრად გამართული სერვისის მიღების საშუალება ექნებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე დღესდღეობითაა.
შეიძლება ინტერნეტის სიჩქარე გადასახადის შესაბამისად მატულობდა, მაგრამ იმდენად მცირე მაჩვენებლით, რომ ამას ხარისხზე გავლენა, ფაქტობრივად, არ მოუხდენია. ტექნოლოგიები ვითარდება, ცხოვრების პირობები უმჯობესდება და ლოგიკურად უნდა ხდებოდეს სიჩქარის ზრდაც, მაგრამ ეს მომხმარებლის ხარჯზე არ უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ კომპანიებს ბევრად მაღალი შემოსავალი და მოგება აქვთ”, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასული წლის დასაწყისში გამოაქვეყნა “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურება, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ტარიფების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურების ფასს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით – 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
წყარო: რეზონანსი
