კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელ იაგო ბიტარიშვილის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის მომავლის იმედის გაჩენა და სტაბილურობა სჭირდება.
„ეს ვერ გაჩნდება, თუ არ იქნება შეთანხმება, საით მიდის ქვეყანა და როგორ უნდა განვითარდეს. ამიტომ წერტილი უნდა დავუსვათ ურთიერთდაპირისპირებას“, – თქვა მეღვინემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შეფასებისას.
აღსანიშნავია, რომ „იაგოს ღვინო“ იმ 2400-ზე მეტ კომპანიას შორისაა, რომლებსაც მიაჩნიათ, დეესკალაციის გზა ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებაშია და ამიტომაც შეუერთდა თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ის.
„საქმის კეთების ხალისი არაა ქვეყანაში… გარშემო ყველას ეს განწყობა აქვს“, – ამბობს იაგო ბიტარიშვილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობს, მომავლის იმედი არ დაკარგოს. ამიტომაც საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც, ყოველწლიურად, ამ დროს, ბუნებრივი მეღვინეობის ფესტივალები, გამოფენები და მასტერკლასები იმართება.
„საფრანგეთში ყოფნისას ჩემი იმპორტიორების 80% ვნახე. ამ ქვეყანაში ვიზიტით სხვა ქვეყნების საქმეებსაც აგვარებ, ამიტომ მიუხედავად იმ განწყობისა, რომელიც გვქონდა, არა მარტო მე, არამედ – გარშემო ყველას, არ გამოვტოვე ეს ღონისძიება. მით უმეტეს იმ გართულებების ფონზე, რაც ადგილობრივ ბაზარზე შეინიშნება და დინამიკას თუ შევხედავთ, უკვე საერთაშორისო ბაზრებზეც, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია.
ახლა ხელების ჩამოშვების დრო არაა… მაინც ვცდილობთ [ბიზნესის კეთების] ხალისის შენარჩუნებას და არ ვიცი, რამდენად გამოგვდის, მაგრამ გადაუდებელ საქმეებს ვაკეთებთ – მაგალითად, ვენახში სამუშაო ვერ გადაიდება, ასევე, საქმიანი ვიზიტები… მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით. ზოგადად, ყველა ბიზნესი ასეა – თუ არაა განწყობა, ხალისი, არც ეკონომიკურ აქტივობას [აქვს აზრი]. ყველასთვის მთავარია მოლოდინი, რომელიც ჯერჯერობით, ოპტიმისტურ განწყობას ვერ გვიქმნის“, – განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.
„იაგოს ღვინის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ აუცილებელია დისკუსია და კომუნიკაცია მხარეებს შორის, რადგან სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციები რომც დასრულდეს, პრობლემები არსად გაქრება.
“წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სლოგანი იყო – „ღირსებით ევროპისკენ“ და როცა ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები ევროინტეგრაციაზე შეწყდა და არათუ პროგრესი, არამედ იზოლაციის ნიშნები შეინიშნება, უკვე გვაქვს სანქციები. მე არ მახარებს ეს, რადგან უფრო და უფრო ვშორდებით ევროკავშირს… შარშან გაზაფხულზე კი მხოლოდ „რუსული კანონი“ იყო…
ერთი წელია მიმდინარეობს [ხელისუფლებისთვის] ხმის გაგონების მცდელობა და არათუ არავინ უსმენს [ხალხს[, არამედ არც არავინ ესაუბრება. პირიქით, შეურაცხმყოფელი, დამცინავი ტონია და მაშინ ისმის კითხვა – რა არჩევანი მრჩება მოქალაქეს, თუკი ჩემი პროტესტი და ხმა არაფერს ნიშნავს?! – ორი არჩევანი რჩება – უფრო რადიკალური, მაგრამ საზოგადოება გაიზარდა და არ უნდა [ეს გზა], რადგან გამოვიარეთ და მეორე გზაა – თუ შენს ადგილს ვერ პოულობ [მიდიხარ], და ამიტომაც მიდის ქვეყნიდან ბევრი ადამიანი. თან მიდიან არამარტო ისინი, ვინც გაჭირვებული იყო, არამედ ისინი, ვისაც რაღაცის შექმნა შეუძლია და უკვე შექმნა კიდეც, მაგრამ აქ მომავალს ვეღარ ხედავს“, – ამბობს იაგო ბიტარიშვილი და იქვე დასძენს, რომ საჭიროა დიალოგისკენ ნაბიჯების გადადგმა, რომლის ვალდებულება ყველაზე მეტად მმართველ პარტიას აქვს.
