EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა მსოფლიოს 20 უმსხვილეს მოცვის ექსპორტიორ ქვეყანას შორის. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ფოკუსირებულია ხუთეულზე, ყველაზე დიდი დინამიკა ჩვეულებრივ ხდება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ათეულს მიღმა არიან.
„ექსპორტიორთა რეიტინგში არ გავითვალისწინეთ ის ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მოცვის რეექსპორტით არიან დაკავებულნი, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ამ კენკრის მსხვილი წმინდა იმპორტიორები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზიმბაბვედან მოცვის ექსპორტის სწრაფ ზრდას. ქვეყანა, რომელიც 5 წლის წინ თითქმის არ ახორციელებდა მოცვის ექსპორტს, ექსპორტიორთა მსოფლიო რეიტინგში უკვე მე-13 ადგილზეა. ბოლო წლებში, ყოველწლიურად ქვეყანას საექსპორტოდ 1,3 ათასი ტონით მეტი მოცვი გააქვს საექსპორტოდ, ვიდრე წინა წელს.
თუმცა, 2023 წელს საქართველომ ზიმბაბვეს გაუსწრო მოცვის ზრდის შედარებითი ტემპებით. საშუალოდ, 2019-2023 წლებში საქართველომ მოცვის ექსპორტი წელიწადში 55%-ით გაზარდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 2023 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტის ზრდა, რამაც საქართველოს საშუალება მისცა დებიუტი ყოფილიყო მოცვის მსოფლიო ექსპორტის ტოპ 20-ეულში და გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ჩინეთი.
მოცვის სწრაფად მზარდი, შედარებით მსხვილი ექსპორტიორების რეიტინგში მესამე ადგილი უკრაინამ დაიკავა, სადაც ექსპორტი წლიურად 21%-ით გაიზარდა. ამავდროულად, 2022 და 2023 წლებში უკრაინიდან მოცვის ექსპორტის ზრდის ტემპი მკვეთრად დაჩქარდა, მიუხედავად რუსი აგრესორების შეჭრისა. 2022 წელს უკრაინამ ამ კენკრის ექსპორტი 1,1 ათასი ტონით, ხოლო 2023 წელს – 940 ტონით გაზარდა.
ტოპ 20-ს შორის მხოლოდ ჩილემ, არგენტინამ და ახალმა ზელანდიამ შეამცირეს ექსპორტის მოცულობა საშუალოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია EastFruit-ის ინფორმაციაში.
მოცვის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულში ლიდერები ზრდის ტემპებით ასევე იყვნენ ჩეხეთი, სერბეთი, მექსიკა და მაროკო.
პერუ რჩება მოცვის ექსპორტის მსოფლიო ლიდერად და ბევრად უსწრებს თავის კონკურენტებს. 2023 წელს ექსპორტის მკვეთრი კლების მიუხედავად, პერუმ ჩილეზე 2,5-ჯერ მეტი მოცვის ექსპორტი განახორციელა.
