საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ – სილაგავა

საქართველოში ყაზახური სუბსიდირებული ხორბლის შესყიდვა და შემოტანა დაიწყება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
სილაგავას განცხადებით, მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის რუსეთში ხორბალი ძვირდება. მისივე თქმით, ყაზახური სუბსიდირებული ხორბალი რუსულ ხორბალთან შედარებით იაფი იქნება.
“მინდა, ყაზახური ხორბლის შემოსვლის მექანიზმი ავხსნა: ყაზახეთმა წელს ძალიან მაღალი მოსავალი მიიღო, შესაბამისად, ყაზახეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2 მილიონი ტონის გაყიდვაზე სატრანსპორტო მდგენელის სუბსიდირება გააკეთოს, ანუ რეალურად, თემა არის ის, რომ ეს მარტო საქართველოსთვის არ გაკეთებულა. ანუ, ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც მათთვის ჭარბია, მსოფლიო ბაზარზე საექსპორტო მაჩვენებელში გაეყიდა. ეს მიმართულებებია მაგალითისათვის, ბალტიის ზღვა, შავი ზღვის მიმართულება, აზერბაიჯანი, ირანი და ა.შ., რადგან შავი ზღვის მიმართულება, საქართველოს მიმართულებაც არის. ხორბლის შემოტანა ორი მდგენელისგან შედგება: ხორბალზე რა ფასი არის იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყაზახეთში და სატრანსპორტო მდგენელი. სატრანსპორტო მდგენელი ტონაზე 40 $-ით სუბსიდირდება (საქართველოში შემოსატანად), თუ საქართველოში შემოვიდა და შავი ზღვის პორტით გავიდა, 60$-ით. (სუბსიდირების გარეშე საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ხორბლის ტრანსპორტირების მდგენელი დაახლოებით 90-100 $-ის ფარგლებში ჯდება). ეს ყველაფერი კონკურენციაში შესვლაა, მათ შორის, რუსულ ხორბლითაც, რომელიც დღესდღეობით ძვირდება. ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ეს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება.
ახლა რაც შეეხება იმას, ეს არის, თუ არა რუსული ხორბლის იაფი ალტერნატივა. რეალურად, ხორბლის ფასი ერთმანეთთან ყოველთვის კონკურენციაშია, მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის რეგიონულად ხორბალი ძვირდება, მათ შორის რუსეთშიც. თავისთავად ცხადია, ეს იქნება იაფი რუსულთან მიმართებით, მაგრამ იქნება გარკვეული დოზით იაფი. ანუ, სავარაუდოდ, გაძვირებულ ხორბალთან მიმართებით უფრო იაფი იქნება, ვიდრე რუსულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სუბსიდირების პროგრამით ვისარგებლებთ და შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ყაზახურ ხორბალს მივიღებთ”- განაცხადა სილაგავამ.
სილაგავამ განმარტა, თუ რა გავლენა ექნება ბაზარზე ყაზახური ხორბლის შემოსვლას ფქვილის ფასზე.
“ფქვილის ფასთან მიმართებით ამას სტაბილურობის ეფექტი ექნება, აქ არ იქნება ეფექტი, რომელიც შემცირებისკენ წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბაზარზე ხორბალი ძვირდება, გაძვირებული ხორბლის ეფექტიდან გამომდინარე, ყაზახური მხრიდან ეს გაძვირებულზე ოდნავ იაფი იქნება, რაც ჩვენი ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რუსეთში ხორბალი გაძვირდა. ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ რუსეთში ხორბლის საექსპორტო მაჩვენებელი წელს გამოცხადებულია დაახლოებით 10 მილიონი ტონა, შარშან 25 მილიონი ტონა იყო, ანუ ორჯერაა შემცირებული. 15 თებერვალს რუსეთში კვოტირება შემოვიდა. მეორე მიზეზია ის, რომ რუბლთან მიმართებით დოლარი გაძვირდა.
რუსულ ბაზარზე ფასი ზემოთ იწევს, ანუ, თუ იყო 220$ დღეს 240$-ია. ყაზახური ხორბალი არ შემოვა 220$-ის ფარგლებში, ანუ შემოვა 220-ზე მეტი. ფასების თამაშს მათ შორის ყაზახეთის
ექსპორტიორი უყურებს და შესაბამისად, ის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობით, მინუსით საქართველოში ხორბალს არ შემოიტანს. ანუ, რეალურად, ბაზარი ერთ ტონაზე დაახლოებით
5-10$-იან სხვაობას არეგულირებს, შესაბამისად ამას შეიძლება, უფრო დამაბალანსებელი ეფექტი, ანუ გაძვირების საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე უკუსვლის. თუ ფასი, ვთქვათ 240 $-ია, ყაზახები 230-ად გაყიდიან და არა 220-ად, რომელიც გუშინ იყო. ანუ, ამას ექნება ოდნავ დაბალი ფასი, ვიდრე რუსულ შემოტანილ ხორბალზეა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან დადებითი ტენდენციაა.
ვიმეორებ: რუსულ ბაზარზე გაძვირების ტენდენციაა და აქედან გამომდინარე, კარგია, რომ ალტერნატივა გაჩნდა. კარგია, რომ ეს ალტერნატივა ყაზახეთიდანაა, იმიტომ, რომ ყაზახეთს ყოველთვის ვუყურებდით როგორც ერთ-ერთ ჩანაცვლებად ბაზარს.
აქვე მინდა, ვთქვა, რომ ეს მოკლევადიანი ეფექტი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ყაზახეთიდან ამ 2 მილიონი ტონის გატანა ამოიწურება, ფაქტობრივად, სუბსიდირება ამოიწურება, თუმცა, ეფექტი უკვე დადებითია.
შემიძლია, ვილაპარაკო იმაზე, თუ როდის შეიძლება, იყოს ეს მუდმივი და სისტემური დადებითი ეფექტი. ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთი ისევ დაუბრუნდა იმ პროექტს, რომელიც საქართველოში პორტების მიდამოებში ტერმინალის მშენებლობას გულისხმობს, ეს ყაზახურ ხორბალს საშუალებას მისცემს, მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს პორტებიდან გავიდეს. ეს 2008-შიც, 2012-შიც განსახილველი თემა იყო, მაშინ ვერ განხორციელდა, თუ ეს ახლა განხორციელდება,
მაშინ შეიძლება, საქართველოს ბაზართან მიმართებით, გარკვეულწილად, მუდმივ ეფექტად ვიხილოთ.
ახლა რაც შეეხება იმას, იაფი ხორბლის შემოსვლა, ქართველ ფერმერებს ხომ არ დააზარალებს: რეალურად, ქართველი ფერმერების ფასი ყოველთვის სწორდება იმაზე, რაც არის რეგიონულ და მსოფლიო ბაზარზე, ანუ რა ფასიც იქნება ბაზარზე, წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს იმ ფასად ჩაიბარებენ”- განაცხადა ლევან სილაგავამ.