საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს – რა ცვლილებები იგეგმება

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის ერთ-ერთმა დირექტორმა, გოგა დონდუამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა და განმარტა, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დონდუა აღნიშნავს, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და იმის შემუშავება, თუ რა სახის შეიძლება იყოს უმუშევრობის დაზღვევა.
„უმუშევრობის დაზღვევა არის აპრობირებული მეთოდი დასავლურ ცივილიზაციაში. თუ რომელიმე კომპანია შეუწყვეტს დასაქმებულს შრომით კონტრაქტს, დასაქმებულს ექნება საშუალება, მიიღოს კონკრეტული დაზღვევა. დღეს ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, რომ მიმართოს სადაზღვევო კომპანიას და აიღოს უმუშევრობის დაზღვევის პოლისი, თუმცა ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს შესაძლოა, გახდეს სავალდებულო. თუ სავალდებულო გახდა, რა მინიმუმი და მაქსიმუმი შეიძლება განისაზღვროს, ამაზე მიდის ახლა მუშაობა.
უმუშევრობის დაზღვევის საკითხი არ გამქრალა არასდროს დღის წესრიგიდან, რადგან ეს ერთ-ერთი ნაბიჯია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების; იქამდე იყო მონახაზი, მსჯელობა, როგორც ჩანს, ვადები შემცირებულია და დიდი ალბათობით, სწორედ ვადების გამო მოხდა ახლა საკითხთან ისევ მიბრუნება“, – აღნიშნავს დონდუა.
კითხვაზე, დაზღვევით ვის შეეძლება სარგებლობა, დონდუა პასუხობს, რომ ეს შეეხებათ როგორც ადგილობრივებს, ისე შრომით მიგრანტებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ლეგალურად არიან დასაქმებულები.
„ნებისმიერ პირს შეეხება, რომელიც ლეგალურად იქნება დასაქმებული საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში“, – აღნიშნავენ დამსაქმებელთა ასოციაცია.
ამასთანავე, დავინტერესდით, მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რა განწყობა აქვთ დამსაქმებლებს. როგორც დონდუა ამბობს, ჯერჯერობით ბიზნესთან რიგ დეტალებზე კონსულტაციას გადიან.
„ჯერჯერობით ბიზნესთან კონსულტაციები მიდის, კანონპროექტი მზადების პროცესია, ჩამოყალიბებული ჯერ არ არის, თავისთავად ბიზნესიდანაც არის სხვადასხვა მოსაზრებები. ნებისმიერი ცვლილება უნდა განიხილოს შესაბამისმა კომიტეტმა და მიიღოს დასკვნები, რაზე გაკეთდეს აქცენტები და რაზე არა. იქნება მინიმალური თანხები განსაზღვრული იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე დასაქმებული დარჩება კონტრაქტის გარეშე. სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ დაბალტარიფიანი დაზღვევა იქნება, იმიტომ, რომ ბიზნესს დიდ ტვირთად არ დააწვეს, თუმცა კომპანიაზეც არის დამოკიდებული, მაგალითად ზოგ კომპანიას 10 კადრი ჰყავს, ზოგს 500. შესაბამისად, რაოდენობა განსაზღვრავს ხარჯებსაც“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგა დონდუა.
bpn.ge