საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი მიიჩნევს, რომ easyJet-ის და Edelweiss-ის მიერ ოპერირების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვაზე.
“მოხარულები ვართ, რომ წარმატებული მოლაპარაკებებისა და საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის Luftansa-ს წარმომადგენელმა, კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება.
ციურიხი – სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით ფრენები აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან განხორციელებულა.
ვფიქრობთ, ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ easyJet-თან ერთად შვეიცარიული Edelweiss-ი კვირაში ჯამურად ოთხი სიხშირით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ბაზარზე მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვის მხრივ”,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. ლევან მოსეშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი ინტერესი შვეიცარიელი ტურისტების მხრიდან საქართველოში გრძელვადიანი დასვენების მიზნით ჩამოსვლისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა მიიღო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ჰაიდი გრაუმ აღნიშნა, რომ თითქმის სამწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, რაც საქართველოში დიპლომატიური მისიით იმყოფება, დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა.
“დღეს არის ისტორიული მომენტი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, თითქმის 25 წლის შემდეგ ჩვენ გვყავს შვეიცარიული კომერციული ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც დღეს თბილისში ჩამოფრინდა. შეხედეთ ამ ლამაზ ხომალდს უმშვენიერესი შვეიცარიიდან. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოინახულებს შვეიცარიას”,- განაცხადა ჰაიდი გრაუმ. მან მადლობა გადაუხადა ქვეყანაში შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის შემოყვანაში ჩართულ ყველა მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ ხალხთა შორის მიმოსვლა, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებას ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის უდიდეს მიღწევად აფასებს.
მისი თქმით, საქართველოს შვეიცარიიდან მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაემატება.
„მორიგი წარმატება აქვს ჩვენს ქვეყანას – საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა. დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის“ პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
„ედელვაისის“ შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის – საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ პირველივე რეისი, რომელიც დღეს თბილისის აეროპორტმა მიიღო, სრული დატვირთვით შესრულდა, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიიდან საქართველოსთან მიმართებაში მოთხოვნა არის, იზრდება და თავად ავიაკომპანიაც აღნიშნავს, რომ შემდეგ რეისებზეც მოთხოვნა და დატვირთულობა ასევე მაღალი იქნება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის, ავიაკომპანია „ედელვაისთან“, ისევე, როგორც ავიაკომპანია „იზიჯეტთანაც“, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით.
„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 13 აპრილს Lufthansa-ს ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა შეასრულა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა.
