საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან – რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაზე საუბარი შესაძლოა, ახლა ყველაზე რთული იყოს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი – ესპანეთთან შეხვედრიდან სამ დღეში თურქეთის ნაკრებთან შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი დაპირისპირება სტუმრად გვაქვს, სადაც მეორეადგილოსნის ვინაობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთება; მეორე – ესპანეთის ნაკრებთან მკვეთრად აუტსაიდერად მივიჩნევით და შემადგენლობა შესაბამისად აირჩევა; მესამე – გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გაფრთხილების შემთხვევაში, მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ და ეს გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გვეუბნება, რომ მათ 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა საბოლოოდ გადაწყვიტეს. არადა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი სამ უკანახაზიან განლაგებაში თავს უკეთ გრძნობს.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ტრადიციულ სავარაუდო თერთმეტეულს არ შემოგთავაზებთ და ვითარებას დეტალურად ავხსნით.
გიორგი მამარდაშვილს სექტემბრისგან განსხვავებით, “ლივერპულში” პრაქტიკა აქვს, ბოლო მატჩში “ჩელსისთან” მისი მშვენიერი რეაქციები ვნახეთ და იმედია, თანაგუნდელები ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ, უძლიერეს ესპანელებთან კარი მაქსიმალურად უსაფრთხოდ დაიცვას.
ლონდონელებთან “მამარდამ” რამდენიმე შორეული და ზუსტი პასი ხელით შემოგვთავაზა და მის არსენალში ამ კომპონენტს ახლაც დაველოდებით.
ბულგარეთთან კაპიტანი კაშიას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მსგავსი დაშვება მომავალშიც შესაძლებელია. არადა, აქამდე ასე ვერ ვიტყოდით.
საქართველოს ნაკრებმა 3 მცველით თამაში თუ გადაწყვიტა, გურამი ნამდვილად სასტარტო თერთმეტეულში იქნება, სხვა შემთხვევაში კი ამ ამბავს ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ.
ორი ცენტრალური უკანახაზელის პირობებში საბა გოგლიჩიძესა და ლაშა დვალს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეთ. მოგეხსენებათ, ლუკა ლოჩოშვილი ტრავმირებულია.
როგორც სექტემბერში, ახლაც დავწერთ, რომ ოთარ კაკაბაძის მარჯვენა ცენტრალურ მცველად თამაში შესაძლებელია.
ესპანელებთან 4 მცველით თამაში და ექსპერიმენტი ბოლოს თბილისში ძვირად დაგვიჯდა, ევროპის ჩემპიონატზე ნაცადი სტრატეგიით კი, რაც წარმატების კონტრშეტევით მიღწევას გულისხმობდა, გაცილებით სოლიდურად წარვსდექით. ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, სანიოლი და მისი შტაბი ბოლო დროის არჩეული სტრატეგიის შეცვლაზე დაფიქრდეს.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რა განლაგებაც არ უნდა ავირჩიოთ, ესპანელებთან დაცვაში დიდი დროის გატარება მაინც მოგვიწევს და ქაღალდზე დაწერილი გეგმა ყველაფერს ვერ განსაზღვრავს.
4 მცველის შემთხვევაში, მარჯვნივ კაკაბაძე უალტერნატივოა. თურქებთან მატჩზე ფიქრის კონტექსტში, ოთოს ყვითელი ბარათი იქნებ მისი დასვენების შესაძლებლობა გახდეს. ამას ხელს ის თუ შეუშლის, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი “ჰამბურგში” იდეალურად თავს მაშინ გრძნობს, როცა სამი ცენტრალური მცველის პირობებში, მთელი ფლანგის კონტროლი ევალება.
ამის მიუხედავად, “გოჩოს” მარცხენა მცველად (4-3-3-ის შემთხვევაში) ირაკლი აზაროვის კონკურენტად მაინც განვიხილავთ. “შახტარის” ფეხბურთელი ლიდერ სთან ყველაზე უკეთ კომბინირებს და ეს აზაროვის კიდევ ერთი დადებითი მხარეა, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ტრავმისგან დაბრუნებული “კვარა” ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არაა?!
ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა და ეს ჩვენ შუა ხაზს სულ სხვანაირს ხდის. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ძირითადში ნიკა გაგნიძის ადგილიც უნდა მოიძებნოს.
რაც შეეხება მესამე ცენტრალურ ნახევარმცველს (4-3-3 იქნება თუ 3-5-2), სანიოლი მას მექვაბიშვილისა და ქოჩორაშვილს შორის აარჩევს და იქნებ დროც გადაუნაწილოს. როგორც ანზორს, ასევე გიორგის ერთი გაფრთხილება აქვს, რაც თურქეთამდე სიფრთხილის აუცილებლობას იძლევა. ბოლო დროს მექვაბიშვილი კლუბში ცოტას თამაშობს, პრაქტიკა სჭირდება, თანაც უფრო დაცვითია და გამორიცხული არაა, ფრანგი სპეციალისტის არჩევანი მასზე შეჩერდეს. რაც შეეხება “ქოჩორას”, ის უფრო მეტად თურქებისთვის შემოინახონ. ხსენებულ ფეხბურთელებზე ამავე ლოგიკის განვითარება პირიქითაც შეიძლება და წარმოუდგენელი არც მათი მოედანზე ერთდროულად ხილვაა.
შეხვედრის მიმდინარეობისას საკმაოდ ხშირად შეგვიმჩნევია, როცა სამწვრთნელო შტაბი კვარაცხელიასთან კონსულტაციებს გადის, დაასვენონ თუ მზადაა, ბოლომდე სათამაშოდ. ამ დონისა და სტატუსის ფეხბურთელს სხვანაირად მოფრთხილება სჭირდება. ახლაც გვგონია, რომ თუკი ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და 90 წუთით სათამაშოდ მზადაა, ყველანაირად ეცდება, მინდორზე თავიდანვე გამოვიდეს. მას ერთი კვირა გაუცდა, წინ ორი მძიმე მატჩია და იმის შანსიც, ესპანელებთან მეორე ტაიმში შემოვიდეს, საკმაოდ მაღალია.
“კვარას” კაპიტნის სამკლავური ძალიან მოუხდა, კიდევ უფრო მებრძოლი და პასუხისმგებლობიანი იყო და იმედია, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. მანამდე, როცა კაპიტანმა კაშიამ არ ითამაშა, სომხეთში მის მოვალეობას ვიცე-კაპიტანი კიტეიშვილი ასრულებდა.
ლიდერთან ერთად თუ მის გარეშე, პირველივე წუთებიდან ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე (ამ შესარჩევში ყვითელი ბარათი მასაც აქვს) იქნებიან. ბოლო შეხვედრებში კვარაცხელიას პირველ შემცვლელად გიორგი გულიაშვილი იქცა, მაგრამ რატომღაც გვგონია, თუკი ხვიჩას ტრავმისგან ბოლომდე მოშუშების საშუალება მიეცა, სანიოლი ერთგვარ მოულოდნელ სხვლას მიმართავს და გიორგი კვერნაძეს დებიუტს ვვარაუდობთ.
· გიო სამი მცველით თამადი ჯობია
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მატჩის დღე – ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში – გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა “დაუძვრე” წაგებას – თურქეთის შემდეგ