საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი კორსანტიამ ქუთაისის ევროტურნირებზე გამოსვლა შეაფასა

გიორგი კორსანტიამ Adjarabet Arena-ს პროექტ “თამაშგარეთ” ფარგლებში, ქუთაისის ევროტურნირებზე გამოსვლა განიხილა და საქართველოს კალათბურთის განვითარებაზე ისაუბრა.
„ევროტურნირებზე მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდ ნაბიჯს წარმოადგენს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შარშან დაიწყო ეს პროცესი და წელსაც გავედით ევროტურნირზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, ალბათ, გასვლით მატჩში ბულგარეთში იყო, რომელიც 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოვიგეთ. ეს არამხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი ქართული კალათბურთისთვის დიდი მიღწევაა,“ – აღნიშნა კორსანტიამ.
მისივე თქმით, ევროტურნირებზე თამაში საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კალათბურთის შესაძლებლობებს აჩვენებს: „ამით როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქართველოში კალათბურთი არსებობს
და საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს არის სპორტის სფერო, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.“
ქუთაისის გუნდის გამოსვლა FIBA ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა. ექვსი მატჩიდან მათ ორი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ორივე მოგება ბულგარულ ბალკანთან იყო, რაც დამატებით ხაზს უსვამს ქართული კალათბურთის პოტენციალს.
კორსანტიამ მადლობა გადაუხადა ქუთაისის გუნდს და ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა: „ეს არის შრომის შედეგი და გვჯერა, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.“
ქუთაისის წარმატება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გუნდებს საერთაშორისო ასპარეზზე თავი დაიმკვიდრონ და ქვეყანაში სპორტის განვითარებას ახალი სტიმული მისცენ.