საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას დღეს ჩეხეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ეს რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა იქნება, წინა თამაშები საქართველომ დათმო, მათ შორის 19 აგვისტოს ჩეხეთთან დახურული სპარინგთამაში.
დღეს საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება, ის ესპანეთში სარეაბილიტაციო კურსს გადის და გუნდს ევრობასკეტის დაწყებამდე კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება. ესტონეთთან შეხვედრის დროს „ბარსელონას“ კალათბურთელს გულის არითმია გამოუვლინდა და რამდენიმე კვლევის ჩატარება გახდა საჭირო.
ჩეხეთთან წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით, ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება „ტორონტო რაპტორსის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, მას მცირე ტრავმა აწუხებდა.
ჩეხეთისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების მატჩი ქალაქ პარდუბიცეში ჩატარდება, რის შემდეგაც ქართველი კალათბურთელები კვიპროსში გაემგზავრებიან.
ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე საქართველო გამოსვლას 28 აგვისტოს ესპანეთთან შეხვედრით დაიწყებს. C ჯგუფში, ამ გუნდების გარდა, მასპინძელი კვიპროსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთი და იტალია ითამაშებენ.
