2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 33 მლნ აშშ დოლარიდან, 1.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიზეზი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან, სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში ამერიკული და ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტის აკრძალვაა.
2023 წლის ოქტომბერში რუსეთში 116.8 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ 8 მანქანა გაიყიდა, სექტემბერში – 304.8 ათასი დოლარის ღირებულების 26 მანქანა, აგვისტოში – 781.8 ათასი დოლარის 85 ერთეული.
2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში კი საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე 33.076 მლნ დოლარის ღირებულების 2 007 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ბელარუსს, ის საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი არც აქამდე ყოფილა, თუმცა სანქციების შედეგად რაოდენობა კიდევ მეტად შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში საქართველომ ბელარუსში 3.526 მლნ აშშ დოლარის 96 ავტომობილი გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 948.1 ათასი დოლარის 31 მანქანა.
ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ელი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.