მთავრობამ საპატრიარქოს, შოვში არსებული 2000 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით – 99 წლით გადასცა. ამის შესახებ მთავრობის 4 აგვისტოს 1238-ე განკარგულებიდან ირკვევა.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა გულისხმობს მიწის ნაკვეთის გადაცემას ვადიან სარგებლობაში ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით.
განკარგულებაში აღნიშნულია:
„სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მდებარე 2000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: #88.02.30.209)“.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 პირის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიის ზონაში გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ეწყობა და ახლო მომავალში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყება, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია.
bm.ge
