სანამ თბილისის ქუჩებში გაუქმებული „კოკა-კოლას” ქარავნის მაგივრად „მშრომელთა” კოლექტივები დაბოდიალობენ, ვერც ნანატრი ქართველი ხალხის დასჯა და ვერც ხელისუფლების აყირავება ვერ შედგა

სანამ თბილისის ქუჩებში გაუქმებული „კოკა-კოლას” ქარავნის მაგივრად „მშრომელთა” კოლექტივები დაბოდიალობენ, ვერც ნანატრი ქართველი ხალხის დასჯა და ვერც ხელისუფლების აყირავება ვერ შედგა
„ცხოვრება თავის ჩვეულ წინასაახალწლო კალაპოტს უბრუნდება. ხვალ ალბათ გვარგადაკეთებულების საპროტესტო პრაიდის ჯერია. ესენიც ჩაივლიან. ქატო იქეთ – ფქვილი აქეთ,” – ამ სიტყვებით ასრულებს სოციალურ ქსელში საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარების ერთ კვირიან ანალიზს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ვრცელ პოსტში ექსპერტი მიმოიხილავს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დინამიკას და იმ პროცესებსაც ეხება, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარდა. „ამ კვირის მოკლე შუალედური შეჯამება გავაკეთოთ. სანამ თბილისის ქუჩებში გაუქმებული „კოკა-კოლას” ქარავნის მაგივრად „მშრომელთა” კოლექტივები დაბოდიალობენ დაკარგული მწყემსის ძიებაში – 16 დეკემბერს ვერც ნანატრი ქართველი ხალხის დასჯა, ვერც სანქციების დაწესება, ვერც ხელისუფლების აყირავება ვერ შედგა.
საახალწლო ნაძვის ხესაც კი ეღირსა დანთება. 17 დეკემბერს საქართველომ ეკლესიაში და მის მიღმაც აღნიშნა ბარბარობა მასთან დღემდე გაუგებარ ბმაში არსებული ლობიანების დაგემოვნებით. 18 დეკემბერს ქვეყანას კიდევ ერთმა წმინდანმა – საბა განწმენდილმა ანუგეშა და ეს ღვთაებრივი მისია საქართველოს კიდევ ერთ ზეციურ მფარველს, წმინდა სასწაულმოქმედ ნიკოლოზს გადააბარა, მირონლუკიის მთავარანგელოზს. ეკლესიურად მაცხოვრებელი მორწმუნე საზოგადოება ემზადება საზეიმო წირვისთვის თავის შემდგომი ტრაპეზითა და სამონასტრო ბუხართან აუჩქარებელი ფილოსოფიური ჭუკჭუკით.
ამასობაში ქვეყნის „არალეგიტიმურ” ხელისუფლებას სტუმრად ეწვია ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც და ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს „არალეგიტიმურ” პრემიერთან, „არალეგიტიმური” პარლამენტის თავმჯდომარესთან, „რუსული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარესთან. ხვალ ზეგ შეხვდება ასევე ახლად არჩეულ „არალეგიტიმურ” პრეზიდენტს. როგორც კი „არალეგიტიმური” აუდიენციების ნუსხა ამოეწურება – ის დატოვებს ჩვენს ლამაზ, ევროპულზე უფრო უკეთეს ქვეყანას. კი მაგრამ, ვივამედელი ბელადის დაბიდუბიზე არ დარჩებითო, დაებადებოდა ალბათ „ვინმეს” ეს „ლეგიტიმური” შეკითხვა – ალბათ ასე უპასუხებდა: „მოკლედ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა. ჩემი რაღაცები გამახსენდა. თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ, თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ.
მე ჩემ თავს ყოველთვის გავიტან, სულ კარგად იყავით”. ასე დასრულდება ეს არც თუ ურიგო დეკემბრის კვირა. ვერ ჩაგვიშხამა კარგი განწყობა ვერც სტრასბურგში ამ მისიით წასულმა მორიგმა ექს-პრეზიდენტმა. მართალია, სწორედ ბარბარობა-საბაობა-ნიკოლოზობას უნდა გვენახა პიროტექნიკის ომი რუსთაველზე, ალმოკიდებული პოლიციელები და წყლის ჭავლითა და აირით დაშლილი მომიტინგეები. მაგრამ ეს სანახაობაც ხელისუფლებამ 19 დღით ადრე გადმოწია და ალბათ სწორედ მოიქცა. ცხოვრება კი თავის ჩვეულ წინასაახალწლო კალაპოტს უბრუნდება. ხვალ ალბათ გვარგადაკეთებულების საპროტესტო პრაიდის ჯერია. ესენიც ჩაივლიან. ქატო იქეთ – ფქვილი აქეთ…,” – წერს დავით ქართველიშვილი.