თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება.
მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.
“საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ”, – ამბობს კალაძე.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც. იხილეთ:
· ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა | მთავრობა
