მედიასაშუალებები კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს დავით დოიაშვილი. მიზეზად დასახელებულია „ვალდებულებების შეუსრულებლობა“.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, – წერენ მედიასაშუალებები სამინისტროზე დაყრდნობით.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაკავშირებას „ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრთან (თინათინ რუხაძესთან), მის მოადგილესთან (ბექა დავითულიანთან) და პრესსამსახურთან – ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი“ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო – მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
პროევროპული აქციების პირველივე დღეებში პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ ბინაში დააკავა. თეატრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ვადა 21 იანვრამდე მისცა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 იანვარს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში და ყველასთან მივიდოდნენ. მანიფესტი წარდგა თბილისისა და ბათუმის წინაშე.
