„[სამედიცინო სერვისებზე] 5-10%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა ესეც წლის ბოლომდე გაიზრდება თუ არა, დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე და ინფლაციაზე“ – „ბენეფიტსი“
სადაზღვევო კომპანიები პაკეტების ფასებს ყოველი წლიურად აკორექტირებენ. ქვეყანაში ტენდენცია უცვლელია და დაზღვევით მოსარგებლეებს წელსაც გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევთ. სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ 2025 წელს ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაძვირდა. ფასის მატება შეეხება ასევე ავტომობილის დაზღვევას. მიზეზი სერვისებზე ფასების მატება და ინფლაციის მაჩვენებელია.
სადაზღვევო კომპანია ,,ბენეფიტსის’’ სამედიცინო დირექტორი ნინო ნოღაიდელი ,,კომერსანტთან’’ საუბარში განმარტავს, რომ სადაზღვევო პაკეტის გაძვირება ყოველთვის დამოკიდებულია მოხმარებაზე. მისივე თქმით, სამედიცინო დაზღვევით მოხმარებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საგრძნობლად იმატა. გაძვირდა სადაზღვევო პაკეტიც, რადგან სამედიცინო სექტორი გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარა. ასევე, გაიზარდა მედპერსონალის ანაზღაურება, რასაც დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდა. ეს კი საბოლოო ჯამში ჯერ სამედიცინო სერვისების ფასში აისახა, შემდეგ კი სადაზღვევო პაკეტებში.
,,კოვიდის მერე განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ძალიან გაიზარდა სარგებლობა. სამედიცინო მიმართულებით სერვისების მოხმარება გაიზარდა და ბევრად მეტია, ვიდრე მანამდე იყო. სადაზღვევო პაკეტების გაძვირების ძირითადი ფაქტორები არის ინფლაციური პროცესები და სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა. 2023 წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაცია, განსაკუთრებით სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მიმართულებით. შესაბამისად, 2024 წელს 10-15%-იანი ზრდა გვქონდა სამედიცინო სერვისებზე. ამ მიმართულებით, 2025 წელს ეს ტენდენცია გარკვეულ წილად შენარჩუნებულია, თუმცა ბევრად ნაკლებია. 5-10%-იანი ზრდა გვაქვს ამ ეტაპზე. თუმცა ესეც წლის ბოლომდე შენარჩუნდება თუ არა ან გაიზრდება თუ არა, ეს დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე და ინფლაციაზე. ყველა სადაზღვევო კომპანიისთვის და ჩვენთვისაც ყველაზე მაღალი მოხმარება და ყველაზე მეტი დაზღვევა მოდის სამედიცინო და ჯანმრთელობის პროდუქტებზე. შესაბამისად, სამედიცინო პროდუქტებზე და მომსახურებაზე თუ ფასის ზრდა იქნება მაღალი, რა თქმა უნდა, სადაზღვევო პროდუქტებიც გაძვირდება. ამავე დროს, ქვეყანაში სავალდებულო რეგულაციებს დაექვემდებარნენ სამედიცინო დაწესებულებები. მათ მოუწიათ ლიცენზირება და შესაბამისად, ამ ახალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გარკვეულ წილად რესურსების გამოყოფა დასჭირდათ. ძალიან ბევრს სამედიცინო დაწესებულებაში ახალი აპარატურა შეიძინეს, ჩატარდა რემონტები, რამაც სერვისების ფასზე იმოქმედა. ამავე დროს, ინფლაციიდან გამომდინარე, ისევე როგორც სადაზღვევოს თანამშრომლების, ასევე ექიმების სახელფასო რენჯის გადახედვაც მოხდა. შესაბამისად, ყველაფერმა აკუმულირება მოახდინა პროდუქტის ფასში.’’- აცხადებს ნინო ნოღაიდელი ,,კომერსანტთან’’ საუბარში.
ფასის მატება ფიქსირდება დაზღვევის სხვა პაკეტებზეც. ავტომობილის სადაზღვევო პაკეტი 5-7%-ით გაძვირდა, რაც სერვისების, ავტონაწილებისა და პერსონალის ხელფასების ზრდით არის განპირობებული. მცირე მატება შეინიშნება ქონების დაზღვევის პაკეტებშიც. რაზეა დამოკიდებული ფასების მორიგი ცვლილება? ამ კითხვით ნინო ნოღაიდელს მივმართეთ.
,,ეს როგორ გაგრძელდება არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, დოლარის კურსზე, სამედიცინო სერვისების ფასებზე და ა.შ. მდგომარეობა უკეთესია ამ ეტაპზე ფასის მატების მხრივ, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში შარშან იყო, რადგან 2023 წელს ფასების მეტი ნამატი გვქონდა. თუმცა წინასწარ ვერ განვჭვრიტავთ, როგორი ფასები იქნება. სადაზღვევო ხელშეკრულების დადება ერთი წლით ხდება. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია შეიძლება ზარალობს, თუმცა მაინც დამოკიდებულები ვართ ბაზარზე, ბაზარზე არსებულ ფასებზე და ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე.’’- განმარტავს სადაზღვევო კომპანია ,,ბენეფიტსის’’ სამედიცინო დირექტორი.
საქართველოში სადაზღვევო სექტორში მაღალი კონკურენციაა. ბაზარზე დღეს ბევრი კომპანია ოპერირებს. სადაზღვევო პაკეტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მოთხოვნისა და დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა ბაზარზე ფასებს ვერ არეგულირებს, რადგან მაღალია კონკურენცია და ფასებზე ინფლაციური პროცესები ახდენს გავლენას. ნინო ნოღაიდელი განმარტავს, რომ ინფლაციის გაგრძელებამ შესაძლოა სექტორს დარტყმა მიაყენოს და სადაზღვევო კომპანიების მოგება შეამციროს.
,,კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ზოგადად, კომპანიის მოგება დამოკიდებულია არა იმდენად მოგების პროცენტის ზრდაზე, არამედ იმაზე, რომ გარკვეულწილად ყოველ წელს მაინც ხდება ბაზრის ზრდა. შესაბამისად, ბაზრის ზრდა ვერ არეგულირებს ამ ტარიფებს. პაკეტებზე გაზრდილი მოთხოვნაც ვერ აბალანსებს ინფლაციურ პროცესებს. შესაბამისად, თუ ინფლაცია გაგრძელდება ეს სექტორისთვის დარტყმა იქნება და მოგების მარჟა, რა თქმა უნდა, შეუმცირდებათ სადაზღვევო კომპანიებს.’’- აცხადებს ნინო ნოღაიდელი.