სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. მისი თქმით, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება. კომისია დეტალურად გაივლის იმ საკითხებს, რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი მოქალაქეს ტაძარში შორტებით შესვლის გამო დაუპირისპირდა. მოქალაქე ამბობს, რომ ემიგრანტია და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალი დაბრუნებულია, დეკანოზი მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მათ შორის „სულიერ მეძავს“, “სოროსის ლეკვს” უწოდებს.
როგორც დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით.
„ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.
