ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირმა ლიეტუვას და ესტონეთს უარი უთხრა, დაეფინანსებინა მათ მიერ შეთავაზებული პროექტი „დრონების კედელი“, რომელიც საზღვრების დაცვას ისახავს მიზნად.
„ესტონეთისა და ლიეტუვას სასაზღვრო უწყებებმა ევროკავშირის დაფინანსებაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. მისი მიზანი იყო საზღვრებზე ე.წ. „დრონების კედლის“ შექმნა, თუმცა, პროექტს დაფინანსება არ მიენიჭა“, – განაცხადა სამინისტრომ სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისთან“ (BNS) გაკეთებულ კომენტარში.
„მთავარი განმცხადებელი ესტონეთი იყო, ლიეტუვა კი – პარტნიორი“, – ნათქვამია ლიეტუვას შსს-ს განცხადებაში.
ლიეტუვას საზღვრის დაცვის სამსახურის (VSAT) ინფორმაციით, პროექტის დაფინანსებზე უარი ბრიუსელმა მარტის დასაწყისში თქვა.
გასული წლის მაისში, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ე.წ. „დრონების კედლის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.
მაშინ ბილოტაიტემ BNS-ს განუცხადა, რომ ინიციატივა გულისხმობს დრონების გამოყენებას საზღვრის მონიტორინგისთვის და ანტი-დრონული სისტემების განთავსებას. თუმცა, არ უთქვამს, თუ როდისთვის იგეგმება პროექტის განხორციელება.
წყარო: 1 არხი
