“სავარაუდოდ, მზა თეთრი შაქრის იმპორტიორები გაჩერდებიან”- L Georgia შაქრის საიმპორტო გადასახადის ეფექტზე

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით.
შაქრის იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ გადასახადის ამოქმედებას პროდუქციის ფასზე გავლენა არ ექნება, რადგან ის არ შეეხება ევროპიდან იმპორტირებულ შაქარს, თუმცა იმპორტი გაუძვირდებათ უკრაინიდან და დან შაქრის იმპორტიორებს. ევროპული შაქრის ფასი კი ვალუტის კურსზე და იქაურ ფასზე იქნება დამოკიდებული.
“არა მგონია ამის გამო შაქარი გაძვირდეს, იმიტომ რომ ეს გადასახადი ევროპულ შაქარს არ ეხება. როგორც ჩანს დადგენილებიდან. ევროპაში თუ გაძვირდა შაქარი, მაშინ გაძვირდება, მაგრამ ჯერჯერობით სამაგისო არაფერი ჩანს. გადასახადი შეეხება რუსეთიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან იმპორტირებულ შაქარს. კოდები არის დადგენილებაში მითითებული, ევრო1 სერტიფიკატით შემოსულ საქონელს ეს გადასახადი არ შეეხება. უახლოეს მომავალში ეს არაფერს არ გამოიწვევს, ფასი დამოკიდებული იქნება ევროპის ფასზე. ჩვენთან იაფია შაქარი, მიუხედავად იმისა, რომ 2 ლარი ღირს,”- ამბობს შაქრის იმპორტიორი თემურ ფაცაცია.
შაქრის იმპორტიორების მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ 22 აპრილიდან იმპორტის მოცულობების მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს. როგორც ბიზნესი განმარტავს, ევროპიდან იმპორტირებული შაქარი დამატებით არ დაიბეგრება, მაგრამ ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
“სავარაუდოდ იმპორტიორები გაჩერდებიან, ვგულისხმობ მზა თეთრი შაქრის იმპორტს. 100 პროცენტით არ ვამბობ, მაგრამ დიდი ალბათობით გაჩერდებიან. თუ მსოფლიო ბაზარზე ფასები დაიკლებს, იმპორტირებული პროდუქციის ფასიც შემცირდება. აქედან გამომდინარე უნდა შემცირდეს ადგილობრივი წარმოების ფასებიც. ჩემს შემთხვევაში, როცა თვეში 50-60 კონტეინერი შემომაქვს, სავარაუდოდ 10 კონტეინერს შემოვიტან, რადგან ევროპულ შაქარზე ასე თუ ისე საწარმოებიდან მოთხოვნა არის. ანუ 80 პროცენტი რაც უნდა შემომეტანა ვერ შემოვიტან. მზა შაქარი ძირითადად შემოდის ევროპიდან, უკრაინიდან, მაგრამ ეს გაჩერდა. ევროპა იცით, რომ არ დაიბეგრება, მაგრამ სავარაუდოდ კონკურენციას ადგილობრივ წარმოებას ვერ გაუწევს,”- ამბობს კომპანია L Georgia-ს დირექტორი დავით ფუტკარაძე.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ გადასახადის ამოქმედების მიზანი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. საუბარია აგარის შაქარზე, რომელმაც მორიგი ხელშეწყობის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მაისის შუა რიცხვებიდან საწარმოო პროცესი უნდა განაახლოს.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 7 მლნ დოლარის 11 ათას ტონაზე მეტი შაქარი შემოვიდა, რაც გასული წლის მონაცემებს აჭარბებს. შარშან ამავე პერიოდში ქვეყანაში 6 მლნ დოლარის ღირებულების 7 548 ტონა შაქარი შემოვიტანეთ. მონაცემების მიხედვით, 1 კგ იმპორტირებულ შაქარში ქვეყანამ წელს დაახლოებით 21%-ით ნაკლები გადაიხადა.