საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს, მოლოდინია, რომ პროგრესიც იქნება – ეკონომიკის მინისტრი

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს – მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, IMF-ის პროგრამა არა გაუქმებული, არამედ შეჩერებულია და საკითხზე მხარეებს შორის, დიალოგი მიმდინარეობს.
„პროგრამა არ არის გაუქმებული, პროგრამა არის შეჩერებული. ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული საკითხები არის განხილვის პროცესში, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი არის ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში პოტენციური ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები რამდენიმე ხნის განმავლობაში მზადდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების პირობებში. ჩვენ ისედაც ვმუშაობდით საკითხზე, რომელიც მოიცავდა ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესებას და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტის შემოტანას, ამიტომ ეს გარკვეულ ეტაპზე არ დაწყებულა, ეს იყო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ უბრალოდ, დღეს შეთანხმება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომ ამ პროცესს, კონსულტაციებს ვაგრძელებთ, მათ შორის, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდთან პროგრამის სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც ინტენსიურ დიალოგშია. ჩვენ ამ რეჟიმს ვინარჩუნებთ, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვანი რეფორმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივად მონაწილეობას, ჩართულობას. ასე რომ, ეს დიალოგი მიდის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროგრესიც იქნება ამ კუთხით, ეს არის საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი, ალბათ, წლის განმავლობაში ჩვენ გვეყოლება რამდენიმე ტექნიკური მისია და მათთან უფრო დეტალურად განვიხილავთ საკითხებს,“ – განაცხადა დავითაშვილმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა, რომ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად აირჩიონ, დავითაშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
„არ მიდის არანაირი კონსულტაცია ქალბატონ პრეზიდენტთან, ამ შემთხვევაში, არც ბატონ ლაშასთან, არც სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მინისტრმა.