საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს 3.3 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს 3.3 მლრდ დოლარს ედავებიან
საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს 3.3 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
უწყების ცნობითვე, აქედან მნიშვნელოვანი წილი მოდის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ დავაზე.
„საერთაშორისო არბიტრაჟს, საყურადღებოა, რომ დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს, გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 11 მიმდინარე, მათ შორის, 3 გასაჩივრებული დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 3.3 მლრდ აშშ დოლარს (8.94 მლრდ ლარს), რაც 2022 წლის მშპ-ს 12%-ს შეადგენს და საიდანაც მნიშვნელოვანი წილი მოდის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ დავაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (4 დავა), 2 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა – სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა), 1 დავა დასრულდა მოსარჩელის გამარჯვებით.
საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა არ წარმოადგენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში ამ მიმართულებით ხარჯები ასეთივე არარსებითი იქნება.
დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, როგორი იყო წლების მიხედვით, მთავრობის მიერ დავების ფარგლებში გადახდილი თანხები. კერძოდ, 2019 წელს ეს თანხა იყო – 3.67 მლნ ლარი, 2020 წელს – 3.45 მლნ ლარი; 2021 წელს – 4.98 მლნ ლარი; 2022 წელს – 6.61 მლნ ლარი; ხოლო 2023 წლის 9 თვეში – 7.38 მლნ ლარი.
მოსალოდნელია სასამართლო დავებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების ზრდადი ტენდენციის შენარჩუნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროპორციულად უფრო მეტ საქმეს აგებს ვიდრე მანამდე. ასეთი ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც, თუ გავითვალისწინებთ სპეციალიზირებული იურიდიული კომპანიების რაოდენობის ზრდას (მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მიმართავს სასამართლოს დავების განსახილველად) და ამ დრომდე აკუმულირებული მსხვილი დავების რაოდენობას,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
bpn.ge