საგამოძიებო: აქციებზე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 28-30 ნოემბერს აქციებზე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათი მტკიცებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
სამსახური, ცხელის ხაზის მეშვეობით, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს, რასთან დაკავშირებითაც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების შესწავლის საგანს, ასევე, წარმოადგენს მედიასაშუალებებით გასული ძალის გადამეტების ინდივიდუალური შემთხვევები.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სწავლობენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მედიით გასულ ყველა კადრს და ეპიზოდს, ხვდებიან დაკავებულ პირებს, იზოლატორებსა და საგამოძიებო სამსახურში ტარდება გამოკითხვები, დაშავებულ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს უტარდებათ და ჩაუტარდებათ სამედიცინო ექსპერტიზები, მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა”- ნათქვამია განცხადებაში.