სააკაშვილმა ისაუბრა ენმ-ს პოლიტსაბჭოზე, არაფორმალურ მმართველობასა და მის კანდიდატობაზე

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ. მან სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს ახსენა არაფორმალურ მმართველობა, მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება და ასევე, პარტიის პოლიტსაბჭოდან ძველი წევრების გასვლა.
მან თანაგუნდელებს მოუწოდა “შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ”.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეცდომა თუკი იქნა დაშვებული, იქნას აღმოფხვრილი. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას, რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა “ვივამედის” პალატიდან ე.წ. პიჯაკების (სახელმწიფო ქონების გაფლანგვის) საქმეზე სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება ადრეა. სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან საკუთარ თავზე:
“ისმოდა ხშირად, რომ პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. ჯერ არის ძალიან ადრე, ჩემო მეგობრებო. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად ბევრი ხალხისთვის მისაღები კანდიდატი, რადგან ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ – პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა სიაში მყოფ ადამიანებს”.
სააკაშვილი შეეხო პარტიაში არაფორმალურ მმართველობის შესახებ გაჩენილ კითხვებს:
“როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე – მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს, თუ ჩემს არაფორმალურ მართველობაზეა საუბარი, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით. ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს…”
2021 წლის 1 ოქტომბრიდან პატიმრობაშია. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და ქვეყნის საზღვარი მალულად გადმოკვეთა. იმის მიუხედავად, რომ მას საქართველოს სასამართლოებმა ბრალი ორ საქმეზე შეუფარდეს, სამი ეპიზოდი კი მიმდინარეა, ისიც და მისი თანაგუნდელებიც მას პოლიტპატიმრად თვლიან. საქართველოს პრეზიდენტს, ს მის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ “არა და არასდროს”.
სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს შეიცვალა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელიას ნაცვლად ამ თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილი მუშაობს. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და თანამდებობის დატოვება მოუწიათ ძველ კადრებს. ნიკა მელია ღიად საუბრობს “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალურ მმართველობაში, თუმცა ამის მიუხედავად ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in