რუსთაველზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლში, სასტუმრო, კაზინო და სავაჭრო სივრცე მოეწყობა

თბილისში, რუსთაველის #12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის შენობაში სასტუმრო, კაზინო და სავაჭრო სივრცე მოეწყობა. შენობა “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორის, ს კომპანიას ეკუთვნის და მას თბილისის არქიტექტურის წინასწარი თანხმობა უკვე აქვს.
შპს “მარილი 2020-მა” არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 10 იანვარს მიმართა. სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანია ჯერ შენობის რეკონსტრუქციას გააკეთებს და შემდეგ მასში სასტუმროს მოაწყობს. საბოლოო ჯამში, შენობის ფართობი 16 238 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლე — 29.2 მეტრი.
“ესკიზის ძირითადი კონცეფცია პირვანდელი ფრაგმენტების აღდგენა. საპროექტო გადაწყვეტით შენობის არსებული სიმაღლის ნიშნული რჩება უცვლელი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ძირითადი ფასადების გაბარიტები დაუბრუნდება პირვანდელ სახეს, ხოლო შიდა ეზოს მხრიდან მომატებული ტანი შენობას შეკრავს კვადრატული ფორმით და შუაგულში შეიქმნება წრიული ფორმის ეზო. ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებული იქნება შენობის მოსაპირკეთებელი მასალები, შეიცვლება კარ-ფანჯრების მასალები”, — ვკითხულობთ პროექტის განმარტების ბარათში.
საპროექტო შენობა 10-სართულიანია, რომლიდანაც 3 სართული მიწის ქვეშაა. სწორედ ამ ნაწილში მოეწყობა საპარკინგე სივრცე (2 სართულზე) და კაზინო. ნულ სართულზე მოეწყობა კომერციული სავაჭრო ფუნქციის მქონე სივრცე. ზედა სართულებზე დაგეგმილია სასტუმროს ნომრების მოწყობა, დაახლოებით, 194 ნომერი.
შპს “მარილი 2020” 2020 წელს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ გაიაშვილია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს